Tuesday 10 April 2012

სამოქალაქო კლუბების მორიგი შეხვედრა

10 აპრილს სასკოლო სამოქალაქო კლუბების შეხვედრას სიქას ოფისში რუსთავის 10 სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო. 
შეხვედრის მთავარი თემა თვითმმართველობასთან სხვადასხვა ინიციატივებზე მუშაობა იყო. თითოეულმა კლუბმა წარმოადგინა საკუთარი სკოლის პრობლემა. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ერთობლივად განიხილეს სკოლების პრობლემები, რის შემდეგაც თითოეულმა კლუბმა ადგილზევე შეადგინა განცხადების ტექსტი და შესაბამისი წერილის ფორმაში ჩასვა. 10-დან 2 წერილის ადრესატი სკოლის დირექტორია, ხოლო დანარჩენის - თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერი.
მოსწავლეებს განესაზღვრათ ვადა, რომლის ფარგლებშიც წერილს საბოლოო სახე უნდა მისცენ და დაურთონ კლუბის წევრების ხელმოწერები.
გადაწყდა, რომ აღდგომის დღესასწაულების შემდეგ კლუბის წევრები წერილებს შეიტანენ ქალაქის მერიასა და სკოლის ადმინისტრაციაში.

მზადება "დედამიწის დღისადმი"

9 აპრილს სიქა-ს ოფისში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის  #4, #5, #11, #12, #13, #15, #17, #21, #22, #26 სკოლების 14 მოსწავლე დაესწრო. შეხვედრის მიზანი "დედამიწის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა შეადგინეს ღონისძიებების ნუსხა, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია. შემდეგ აარჩიეს რამოდენიმე, რომლის განხორციელების გეგმა და საჭირო რესურსები დეტალურად განიხილეს.
დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
1. სახე მოხატული მონაწილეები ფლაერებითა და პლაკატებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოსახლეობას ერთხელ კიდევ შეახსენებენ, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას დედამიწა.
2. ქალაქის რამოდენიმე ადგილას მონაწილეთა ჯგუფი მოაწყობს უხმო დადგმას. სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
3. დღის ბოლოს სიქას ოფისში მოეწყობა ფილმის ჩვენება და განხილვა.

Thursday 5 April 2012

ტრენინგი ანგარიშის წერაზე

5 აპრილს სიქას ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "როგორ ვწეროთ ანგარიში". ტრენინგს დაესწრო რუსთავის 13 სკოლის სამოქალაქო კლუბის 37 წევრი. ტრენინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. 
თავდაპირველად სამოქალაქო კლუბების კოორდინატორის ასისტენტმა ანი ციცქიშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია და გააცნო რეპორტის სტრუქტურა, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ანგარიშის წერისას და პრაქტიკული რჩევები, რომლის გამოყენებითაც ანგარიში მეტად ეფექტური ხდება.
შემდეგ ტრენინგის მონაწილენი ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს დაევალა სხვადასხვა თემაზე ანგარიშის დაწერა. განსაზღვრული დროის შემდეგ გუნდების წარმომადგენლებმა დაწერილის პრეზენტაცია გააკეთეს, რომლის განხილვაშიც ყველამ მიიღო აქტიური მონაწილეობა.
ამ ტრენინგის ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ მოწოდებული ინფორმაციები მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ხშირად არასრულყოფილია ან ძალიან მწირე. 
დღის შეფასებისას მონაწილეთა უმრავლესობის თქმით, მათ უკვე დაინახეს თუ რა შეცდომებს უშვებენ ანგარიშების წერისას და აღნიშნეს, რომ ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ.

Tuesday 3 April 2012

მასტერ კლასი დებატების ტექნიკაში

24 მარტს სიქას ოფისში დებატების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი თვალიაშვილმა რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეებს (გარდაბანი, ბოლნისი) ჩაუტარა მასტერ კლასი საჯარო დებატების წარმოების ტექნიკაში. ტრენინგი დაეხმარა მონაწილეებს განევითარებინათ საჯარო გამოსვლებისა და არგუმენტირებული კამათის ხელოვნება. ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების 15 მონაწილე.