Wednesday 24 July 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს

16 ივლისს, რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და რუსთავის საკრებულოს წევრი ლეილა აფციაური რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც რუსთავის გოგლა ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობენ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პარკის რეაბილიტაცის პროექტის ნიმუში, რომელიც ტენდერით შეირჩა. მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს პროექტით გაწერილ ყველა პუნქტზე.
საბოლოოდ პროექტმა მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა, რომ პარკის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე ლეონიძის პარკში მოპირკეთდება სასეირნო ბილიკები, გაკეთდება საველოსიპედო გზა, დამონტაჟდება სკამები, ურნები, განათება და პარკის შუაგულში დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე. პარკის მთელ ტერიტორიას კი ქალაქის  გამწავნების სამსახური  მოაწესრიგებს.
პირველ ეტაპზევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
 შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე მოსწავლეებს დაპირდა, რომ პარკის დამატებით მოწყობისთვის შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფენ სახსრებს. მაგალითად იგეგმება, საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება, მოზრდილებისთვის ფანჩატურების მოწყობა და ა.შ.
პროექტის ავტორები პროექტს დასრულებეულ სახეს უახლოეს მომავალში  მისცემენ, რის შემდეგაც პროექტი ოფიციალურად დამტკიცდება.
 აღნიშნული პროექტი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ რუსთავის ახალგაზრდულ ფორუმზე მომზადდა. რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 7-მა წევრმა სამუშაოდ სწორედ ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაცია აირჩია.  პროექტმა მერიისგან მხარდაჭერა მოიპოვა და მას შემდეგ მოსწავლეები მერიასთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობენ.

Saturday 20 July 2013

სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით რუსთავში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

13, 14, 15 ივლისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის ალიევის სახელობის პარკში  ჭადრაკის ჩემპიონატი მოეწყო.
ჩემპიონატის ორგანიზების ინიციატივა რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა გამოთქვეს, რომელთაც სურდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ახალგაზრდობას შინაარსიანად გაეტარებინათ დრო. სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივას გამოეხმაურნენ სიქა-ს რუმინელი მოხალისეებიც.
მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე ქალაქის თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს და ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა აიღეს. შემდეგ ინფორმაცია გაავრცელეს და მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყეს.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 30-მდე ახალგაზრდამ, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო კლუბის წევრები და თემის წევრებიც.
ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდა. ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცათ. ჩემპიონატის მიმდინარეობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ფესტივალმა მოსახლეობის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობები კიდევ ჩატარდეს.

სამოქალაქო კლუბის წევრები კი მზად არიან დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სათემო  აქტივობები. 

Monday 8 July 2013

ონლაინ კონფერენციის სტუმარი - სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

2013 წლის 2 ივლისს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ კონფერენცია.  ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ბ-ნი   უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი.  
 ბ-ნი   უჩა ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა,  აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების და SKYPE-ის მეშვეობით  მიღებულ საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა შშმ პირთა, დევნილთა, სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებათა დაცვას.  
 ონლაინ კონფერენციის დროს მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას და მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.
შეხვედრის დასასრულს ბ-ნმა   უჩამ მადლობა გადუხადა მოსწავლეებს საინტერსო კითხვებისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. 
 ონლაინ კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი, იხილეთ ბმული  (http://www.civics.ge/index.php?m=6&newsid=489)
ონლაინ კონფერენციაში ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩაერთვნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები. მოსწავლეები სიქა-ს ოფისიდან ადევნებდნენ თვალს ონლაინ კონფერენციას და კითხვებს უსვამდნენ სახალხო დამცველს. კლუბის წევრებმა ამომაწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. 
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუსთავის #7, #9, #12, #13, #15 , #20, #21, #26  სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 11 მოსწავლე.