Wednesday 4 December 2013

რუსთავისა და მარტყოფის სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველო-ამერიკის რაგბის მატჩს დაესწრნენ

საქართველოს რაგბის ფედერაციამ რუსთავისა და მარტყოფის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებისთვის უფასო 30 ბილეთი გამოყო 16 ნოემბერს  გამართულ საქართველო-ამერიკის მატჩზე დასასწრებად.
მოსწავლეები შეხვედრამდე შეხვდნენ ყოფილ რაგბისტსა და მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს, რომელთან ერთადაც  ისაუბრეს რაგბის შესახებ. სწორედ ამ შეხვედრაზე გამოთქვეს მოსწავლეებმა სურვილი, რომ დასწრებოდნენ რაგბის მატჩს.

რაგბის ფედერაციამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და მოსწავლეები უფასოდ დაესწრნენ საქართველო-ამერიკის თამაშს  და ერთად უგულშემატკივრეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

დებატების ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

Thursday 21 November 2013

„თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ - ღია გაკვეთილი რუსთავის #12 საჯარო სკოლაში

სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის მე-9 ა კლასთან სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა ჩატარა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში თემაზე „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღავნელოს „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ გამოყენებით.) გაკვეთილს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის თავმჯდომარე, წიგნის ავტორი, ექსპერტი ნინი ბესელია, სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები.
გაკვეთილის მიზანი იყო: ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონკრეტული თანამშრომლობის გზების დასახვა/მოდელირება.

Wednesday 20 November 2013

კონსულტაციები საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით დაიწყო

18 ნოემბერს გამოცხადდა მცირე გრანტების კონურსის ბოლო  მერვე რაუნდი. საკონკურსო განაცხადების მიღება 22 დეკემბრამდეა შესაძლებელი. სიქა-მ განააახლა საკონსულტაციო შეხვედრები სამოქალაქო კლუბებთან საგრანტო აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით.
20 ნოემბერს სიქა-ს ოფისში დანიშნულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრნენ რუსთავის #11 და #21 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, რომლებიც  საპროექტო იდეებით მოვიდნენ. მცირე საგრანტო პროექტების კოორდინატორის ცირა თავშავაძის დახმარებით მოსწავლეებმა დაიწყეს ონლაინში აპლიკაციის შევსება, გაეცნენ თანამონაწილეობის წერილების ნიმუშებს,  შეადგინეს პროექტის ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის მონახაზები, რომელსაც დასრულების შემდეგ ატვირთავენ. 
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ეს მცირე გრანტების ბოლო  კონკურსია და მოსწავლეები ყოველმხრივ ეცდებიან გამოიყენონ ეს შანსი, დაწერონ კარგი პროექტები და მოიპოვონ დაფინანსება.

Sunday 17 November 2013

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით,  17 ნოემბერს  რუსთავის 7 სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა, აღნიშნეს ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
 ღონისძიება ორ ნაწილად იყოფოდა,  თავდაპირველად რუსთავის  #26 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა აუდიტორიისთვის გააკეთეს პრეზენტაციები.
რუსთავის #26 და #9 სკოლების კლუბების  წევრებმა წარადგინეს ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ავტო საგზაო შემთხვევების შესახებ. იყო ნათქვამი მთავარი გზავნილები, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია მსგავი შემთხვევების თავიდან აცილება. ასევე აჩვენეს ვიდეო, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები უხეშად არღვევენ გზაზე გადასვლის წესებს მაშინ, როდესაც ქალაქში არის ე.წ. ზებრა გადასასვლელები, ღილაკიანი შუქნიშანი და დაჯარიმების საშიშროებაც.
 რუსთავის #2 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა  აჩვენეს 2  ვიდეო, პირველი ეხებოდა  მოტოციკლეტით მგზავრობისას ავარიის მაღალ რისკებს. ნაჩვენები იყო  ბოლო თვეებში მომხდარი 3 ბაიკერის უბედური შემთხვევა, ხოლო მეორე ვიდეო ეხებოდა მათ მიერ ჩატარებულ თემის გამოკითხვას.
ღონისძიების მეორე ნაწილში,  საინფორმაციო პლაკატებით ხელში მოეწყო  ქუჩაში მსვლელობა. მოსწავლეები მოსახლეობას ურიგებდნენ საინფორმაციო ფურცლებს  და გაჩერებული მანქანების საქარე მინებში ათავსებდნენ ფურცლებს და სტიკერებს წარწერით „საჭესთან ფხიზლად!"
ღონისძიება თავისი ინფორმირებულობით იყო ძალიან საჭირო და აქტუალური. მონაწილეები კი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა.

Friday 15 November 2013

მზადება 17 ნოემბრის აქციისთვის

15 ნოემბერს სიქა-ს ოფისში შეიკრიბნენ რუსთავის #2, #11 და #21 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები და დაიწყეს მზადება 17 ნოემბრის აქციისთვის, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, რომლებსაც გამოფენენ დაგეგმილ აქციაზე. 
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება.  2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს.
17 ნოემბრის აქცია ეწყობა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბები.

Monday 11 November 2013

რუსთავის #11 სკოლის სამოქალაქო კლუბი ახალი შემადგენლობით

 სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქას წარმომადგენელი 11 ნოემბერს რუსთავის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ახალ შემადგენლობას შეხვდა. მე-9 კლასელებმა გადაწყვიტეს გაააქტიურონ კლუბი და აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში.
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცვნენ პროგრამის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებს, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო კლუბის დანიშნულების, მუშაობის სტილის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა აკეთოს კლუბმა.
ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა უკვე დაგეგმეს კლუბის პირველი შეხვედრა და ჩამოწერეს ის სავარაუდო აქტივობები, რომელსაც კლუბის წევრები მუშაობის დაწყებისთანავე განახორციელებენ.
კლუბის წევრები  ქალაქში არსებული პრობლემების კვლევის პირველ ეტაპზე მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავენ.  შედეგად შეარჩევენ იმ საკითხებს, რომელთა მოგვარებას შეეცდებიან თვითმმართველობასთან თანამშორმლობით.
წარმატებებს ვუსურვებთ კლუბის ახალ წევრებს!

Friday 8 November 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ქალაქის მერის მოადგილეს გიგი ტაბატაძეს შეხვდნენ

7 ნოემბერს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუთავის მერიის სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.
გაზაფხულზე გამართული ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე მოსწავლეთა ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პარკის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც ქალაქის მერიის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოსწავლეებმა  ინიციატივაზე მერიისგან დადებითი პასუხი მიიღეს. მალევე პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო განაცხადები მერიის მოადგილემ გიგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადილემ ლეილა აფციაურმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს და გამარჯვებული ერთად გამოავლინეს.
გასულ კვირას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და მერიის მოადგილესთან ერთად კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პროექტის პუნქტები.  
პროექტის ფარგლებში პარკში დაიგება სავალი ბილიკები, დამონტაჟდება სკამები, ურნები და სანათები, მოპირკეთდება ტროტუარი, დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია,  პარკის უსაფრთხოებაზე დაცვა იზრუნებს.
ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა 23 ნოემბრის გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც მერიის წარმომადგენლები და სამოქალაქო კლუბების წევრები პარკის ტერიტორიაზე  100 ძირ ხეს ერთად დარგავენ.
შეხვედრაზე გიგი ტაბატაძემ მოსწავლეებს ქალაქში მიმდინარე სხვა პროექტებიც გააცნო.
შეხვედრის დიდი ნაწილი იმ პრობლემებზე საუბარს და მსჯელობას დაეთმო, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებს.  
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგი სახის პრობლემებზე: საგზაო ნიშნების ნაკლებობა, ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობა, კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, მიმანიშნებელი აბრების არ არსებობა კორპუსებზე, დაზიანებული სანიაღვრე ჭები და სხვა.
მერის მოდგილემ მოსწავლეებს  პრობლემების ნაწილის ერთად მოგვარება შესთავაზა. რამდენიმე პრობლემა კი ამ ეტაპისთვის მოუგვარებელი  რჩება.
შეხვედრის დასასრულს სხვადასხვა ინიციატივებსა და პრობლემებზე სამუშაოდ შეხვედრები დაიგეგმა მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან.
მოსწავლეები მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად განაგრძობენ ადვოკატირების პროცესს ქალაქის თვითმმართველობასთან.
შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო. 
ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.

Friday 11 October 2013

ტრენინგი თემაზე "ევროკავშირის ისტორია“

10 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებისთვის სიქას ორგანიზებით მოეწყო ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის ისტორია".
ტრენინგს უძღვებოდნენ რუმინელი და ფრანგი მოხალისეები.
თავდაპირველად მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვას, „რა არის  ევროკავშირი“ . მოეწყო მინი ვიქტორია, რომლის ფარგლებშიც ტრენერებმა დასვეს კითხვები ევროკავშრის შესახებ და მოსწავლეებმა თითოეულ კითხვებზე საკუთარი ვარიანტები დაასახელეს.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ევროკავშირის ქვეყნების, მათ თანამშრომლობის, ურთიერთშეთანხმების, მუშაობის შესახებ იციან ძირითადი ინფორმაცია, თუმცა არა სრულყოფილი.
ტრენერებმა გააკეთეს პრეზენატაცია ევროკავშირის ისტორიის შესახებ და ტრენინგის მონაწილეებს გააცვნეს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან.
ტრენინგის მეორე ნახევრის თემა იყო „საქართველო და ევროკავშირი“ . თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს უნდა იყოს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა უპირატესობები ექნება ქვეყანას გაწევრიანების შემთხვევაში. ტრენინგის მონაწილეთა  უმრავლესობის აზრით საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება სასარგებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური განვითარებისთვის. მოსაზრებების დასამტკიცებლად მოიყვანეს არგუმენტები და ფაქტები. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს საკუთარ როლზე ამ პროცესის დაჩქარებაში.
მოსწავლეებისთვის ტრენინგის თემა საინტერესო აღმოჩნდა და აღნიშნეს, რომ ახლა სიტყვა „ევროკავშირი“ მხოლოდ ტერმინი არ არის, რომელიც ხშირად ესმით, არამედ უკვე იციან მნიშვნელობა და ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.

ტრენინგს რუსთავის 6 სკოლის სამოქალაქო კლუბების 15 წევრი დაესწრო.

Saturday 5 October 2013

სამოქალაქო კლუბებმა ცხოველთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2013 წლის 4 ოქტომბერს, სიქა -მ  ცხოველთა მსოფლიო დღე მასშტაბური აქციით აღნიშნა.
რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური ჩართულობით მოეწყო აქცია, რომელსაც შეუერთდა ცხოვლთა დაცვის რუსთავის ორგანიზაცია. მოსწავლეებმა ცხოვლთა დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელთან და წევრებთან  ერთად განიხილეს ცხოველთა უფლებები და იმსჯელეს ადამიანის ვალდებულებებზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ  ცხოველებს. აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.
აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ცხოველთა დაცვის თემაზე   მოამზადეს პოსტერები და მოეწყო გამოფენა - კონკურსი. დამთვალიერებელს საშუალება ქონდა ფარულ კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა და ხმა მიეცა მისთვის სასურველი პოსტერისთვის. მნახველთა რჩეული პოსტერის ავტორი , მარი ყოლბაია, სერთიფიკატითა და სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდა.
აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ყურადღების გამახვილება ადამიანის ოთხფეხა მეგობრების უფლებების დაცვაზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე ცხოველების მიმართ, ქალაქში მაწანწალა ცხოველების მომრავლებაში მოსახლეობის როლზე.
1931
წლის 4 ოქტომბერს იტალიაში , . ფლორენციაში, ეკოლოგისიტების ინიციატივით პირველად აღნიშნეს ცხოველთა მსოფლიო დღე, მას შემდეგ ის საერთაშორისო დღედ იქცა და ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

სიქა და სამოქალაქო კლუბის წევრები ცხოველთა დაცვის თემაზე ფართო კამპანიის გამართვას გეგმავენ.

Tuesday 17 September 2013

დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი


16 სექტემბერს ქ. რუსთავში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორ ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში, ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებისთვის სიქას ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ალან ჩანდლერმა და რუმინელმა მოხალისეებმა დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გამართეს. 
შეხვედრის დასაწყისში ნაჩვენები იქნა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი დემოკრატიის თემაზე. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია .
მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა არის დემოკრატია, განიხილეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხმა. საკუთარი პოზიციის დასაცავად მოსწავლეებმა დემოკრატიის კონკრეტული მაგალითები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე: არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა სკოლებში.
ცხარე კამათის შემდეგ სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუკი სკოლებში არ არის იდეალური სიტუაცია, სწორედ მოსწავლეებს აქვთ უფლება და საშუალება, მათი აქტიური პოზიციითა და ადვოკატირებით, გააუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს ყველა მოსწავლემ ისაუბრა საკუთარ როლზე დემოკრატიის მშენებლობაში. თითოეული მათგანი თვლის, რომ მათი აქტიური მოქალაქობრივი პოზიცია მნიშნელოვანია საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
შეხვედრას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 24 წევრი დაესწრო.

Friday 6 September 2013

„გახდი ქველმოქმედი“ - რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქველმოქმედების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

5 სექტემბერს რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებმა სიქა ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებთან   ერთად ქველმოქმედების საერთაორისო დღე აღნიშნეს აქციით „გახდი ქველმოქმედი“.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა  რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით რამდენიმე ოჯახი შეარჩიეს, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, სოციალურ მუშაკებთან ერთად მოცემული შეჭირვებული ოჯახების საჭირობების ჩამონათვალი შეადგინეს და გადაწყვიტეს მოეძიათ რესურსები ამ ოჯახების დასახმარებლად.
5 სექტემბერს კლუბების წევრებმა რუსთავის მოსახლეობას პოსტერებითა და ფლაერებით მოუწოდეს  საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისკენ, რომ ერთად დაეხმარონ შეჭირვებულ  ოჯახებს.
აქციის პერიოდში მოიპოვეს მხარდამჭერები - რომლებმაც ოჯახებისათვის  გაიღეს დახმარება  ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების სახით, ასევე გამოჩნდა მცირე მეწარმეც, რომელმაც სურვილი გამოთქვა საკვები პროდუქტებით დაეხმაროს  აქციის ბენეფიციარებს.

აქცია სექტემბრის  თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამოქალაქო კლუბების წევრები გეგმავენ ასევე საქველმოქმედო კუთხით სოციალური მედიით საქველმოქმედო კამპანიის წარმოებას კონკრეტული ოჯახების დასახმარებლად.

Thursday 22 August 2013

ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ჰუმანიტართა საერთაშიროსო დღე აღნიშნეს

ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორ ორგანიზაცია „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში, მშვიდობის კორპუსის და ევროპელ მოხალისეებთან ერთად 19 აგვისტოს მსოფლიო ჰუმანიტარების დღესთან დაკავშირებით სემინარი მოაწყვეს.
Top of Form
Bottom of Form
მსოფლიო ჰუმანიტარების დღე 19 აგვისოტს უკვე მეათე წელია აღინიშნება გაერთიანებული ერების მიერ. ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს მსოფლიოს სხვადასხვა კრიზისულ წერტილებში.
 სემინარზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმები მსოფლიოში ჰუმანიტარული საქმიანობების შესახებ. უცხოელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბების წევრებს  გაუზიარეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა ჰუმანიტარულ პროცესებში, განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობები. რუსთაველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ჰუმანიტარული საქმიანობის კუთხით, აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც ასევე ქონდათ მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის დროს დევნილების დახმარების კუთხით.

სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება მომავალში აქტიურად ჩაერთონ ჰუმანიტარულ საქმიანობაში.

Wednesday 24 July 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს

16 ივლისს, რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და რუსთავის საკრებულოს წევრი ლეილა აფციაური რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც რუსთავის გოგლა ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობენ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პარკის რეაბილიტაცის პროექტის ნიმუში, რომელიც ტენდერით შეირჩა. მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს პროექტით გაწერილ ყველა პუნქტზე.
საბოლოოდ პროექტმა მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა, რომ პარკის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე ლეონიძის პარკში მოპირკეთდება სასეირნო ბილიკები, გაკეთდება საველოსიპედო გზა, დამონტაჟდება სკამები, ურნები, განათება და პარკის შუაგულში დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე. პარკის მთელ ტერიტორიას კი ქალაქის  გამწავნების სამსახური  მოაწესრიგებს.
პირველ ეტაპზევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
 შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე მოსწავლეებს დაპირდა, რომ პარკის დამატებით მოწყობისთვის შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფენ სახსრებს. მაგალითად იგეგმება, საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება, მოზრდილებისთვის ფანჩატურების მოწყობა და ა.შ.
პროექტის ავტორები პროექტს დასრულებეულ სახეს უახლოეს მომავალში  მისცემენ, რის შემდეგაც პროექტი ოფიციალურად დამტკიცდება.
 აღნიშნული პროექტი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ რუსთავის ახალგაზრდულ ფორუმზე მომზადდა. რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 7-მა წევრმა სამუშაოდ სწორედ ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაცია აირჩია.  პროექტმა მერიისგან მხარდაჭერა მოიპოვა და მას შემდეგ მოსწავლეები მერიასთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობენ.

Saturday 20 July 2013

სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით რუსთავში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

13, 14, 15 ივლისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის ალიევის სახელობის პარკში  ჭადრაკის ჩემპიონატი მოეწყო.
ჩემპიონატის ორგანიზების ინიციატივა რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა გამოთქვეს, რომელთაც სურდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ახალგაზრდობას შინაარსიანად გაეტარებინათ დრო. სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივას გამოეხმაურნენ სიქა-ს რუმინელი მოხალისეებიც.
მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე ქალაქის თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს და ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა აიღეს. შემდეგ ინფორმაცია გაავრცელეს და მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყეს.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 30-მდე ახალგაზრდამ, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო კლუბის წევრები და თემის წევრებიც.
ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდა. ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცათ. ჩემპიონატის მიმდინარეობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ფესტივალმა მოსახლეობის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობები კიდევ ჩატარდეს.

სამოქალაქო კლუბის წევრები კი მზად არიან დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სათემო  აქტივობები. 

Monday 8 July 2013

ონლაინ კონფერენციის სტუმარი - სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

2013 წლის 2 ივლისს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ კონფერენცია.  ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ბ-ნი   უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი.  
 ბ-ნი   უჩა ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა,  აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების და SKYPE-ის მეშვეობით  მიღებულ საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა შშმ პირთა, დევნილთა, სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებათა დაცვას.  
 ონლაინ კონფერენციის დროს მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას და მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.
შეხვედრის დასასრულს ბ-ნმა   უჩამ მადლობა გადუხადა მოსწავლეებს საინტერსო კითხვებისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. 
 ონლაინ კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი, იხილეთ ბმული  (http://www.civics.ge/index.php?m=6&newsid=489)
ონლაინ კონფერენციაში ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩაერთვნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები. მოსწავლეები სიქა-ს ოფისიდან ადევნებდნენ თვალს ონლაინ კონფერენციას და კითხვებს უსვამდნენ სახალხო დამცველს. კლუბის წევრებმა ამომაწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. 
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუსთავის #7, #9, #12, #13, #15 , #20, #21, #26  სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 11 მოსწავლე.

Sunday 30 June 2013

პროგრამის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2013 წლის 13 ივნისს, მარნეულის გამგეოის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სულ 120 ადამიანი.
შეხვედრაზე მარნეულის #8, კუმისის, გარდაბნის #1 და აღმამედლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული საკლუბო აქტივობების პრეზენტაცია. ახალგაზრდული ფორუმის რუსთავის სამუშაო ჯგუფმა ისაუბრა ფორუმზე შემუშავებული საპროექტო იდეის განხორციელების შესახებ. კერძოდ, ქ.რუსტავში ლეონიძის სახელობის სკვერის კეთილმოწყობისა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგებზე. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო რეგიონში ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მიღწეული შედეგები.
ქვემო ქართლის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სამოქალაქო კლუბებს. რეგიონის მასშტაბით დაჯილდოვდა 10 კლუბი.
შეხვედრაზე პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს კუმისის გამგებლის მოადგილემ არჩილ მდივნიშვილმა, აღმამედლოს ადგილობრივმა რწმუნებულმა ფლორა აივაზოვმა და მარნეულის #8 სკოლის დირექტორმა ელმა ჯაფარლიმ. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს პროგრამას და PH International-ს სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების და სამოქალაქო განათლების პედაგოგების ხელშეწყობისათვის.
შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

Wednesday 12 June 2013

სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობას გაეცვნენ

11 ივნისს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ, რუსთავის მერიის დიდ დარბაზში გაიმართა.
ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ხუროშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომლითაც მიმოიხილა ცენტრის საქმიანობები, მუშაობის ძირითადი სფეროები,  განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
მოსწავლეებმა კი  ცენტრის წარმომადგენლებს სამოქალაქო კლუბების საქმიანობები გააცნეს.მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, რომელიც ძირითადად კლუბებისა და ცენტრის თანამშრომლობას შეეხებოდა.  
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა მიიღეს შეთავაზება, მიმართონ ცენტრს სხვადასხვა ინიციტივებით. ცენტრი კი მზად არის შესაძლებლობის  ფარგლებში ითანამშრომლოს კლუბებთან და ერთობლივი აქტივობები განახორციელონ.
შეხვედრას რუსთავის 7 სკოლის სამოქალაქო კლუბის 12 წევრი დაესწრო. სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბებისთვის საჯარო დაწესებულებებში ვიზიტებს.

Tuesday 28 May 2013

პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის ახალგაზრდული ფორუმის #2 გუნდის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი  მიზნად ისახავს რუსთავში არსებული გიორგი ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციას,

პროექტს მოსწავლეთა გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით  ახორციელებს. პირველ ეტაპზე მოეწყო აღნიშნული პარკის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რუსთავის 10 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 15 მოსწავლემ. მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან გაასუფთავეს პარკის მიმდებარე ტერიტორია. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ გამოყო ნაგვის მანქანა, რომელმაც შეგროვილი ნარჩენები გაიტანა. მერიამ პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი  შემოსული აპლიკაციების განხილვაა, რომელსაც შესაბამისი კომისია მოსწავლეებთან ერთად განიხილავს და გამარჯვებულს გამოავლენს.

Tuesday 21 May 2013

სამუშაო შეხვედრა რუსთავის #7 საჯარო სკოლაში


17 მაისს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივის ქართული ასოციაციის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ რუსთავის #7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებსა და დირექციას.
შეხვედრაზე საუბარი იყო კლუბის საქმიანობებსა და  მიმდინარე მცირე გრანტის განხორციელებაზე. დაზუსტდა  დაგეგმილი აქტივობების განხორციელების დეტალები, დაისახა ახალი გეგმები.
კლუბს გადაეცა მცირე გრანტის ფარგლებში შეძენილი ციფრული კამერა და გასავრცელებელი პუბლიკაცია.

Saturday 27 April 2013

ონლაინ კონფერენცია ბ-ნ ალუდა გოგლიჩიძესთან

24 აპრილს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ონლაინ კონფერნცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის მთავარი ტემა იყო მოსწავლეტა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. მან 1 საათის განმავლობაში პასუხი გასცა, როგორც აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების, ასევე Skype-ის მეშვეობით მიღებულ შეკითხვებს რეგიონებში პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებიდან. სიქა-ს ოფისში ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების 10 წევრმა. 
ონლაინ კონფერენციის ძირითადი მესიჯი ეხებოდა მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პრობლემების გაანალიზებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას, მოსწავლეების მონაწილეობას დემოკრატიის განვითარებაში.