Wednesday, 24 July 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს

16 ივლისს, რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და რუსთავის საკრებულოს წევრი ლეილა აფციაური რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც რუსთავის გოგლა ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობენ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პარკის რეაბილიტაცის პროექტის ნიმუში, რომელიც ტენდერით შეირჩა. მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს პროექტით გაწერილ ყველა პუნქტზე.
საბოლოოდ პროექტმა მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა, რომ პარკის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე ლეონიძის პარკში მოპირკეთდება სასეირნო ბილიკები, გაკეთდება საველოსიპედო გზა, დამონტაჟდება სკამები, ურნები, განათება და პარკის შუაგულში დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე. პარკის მთელ ტერიტორიას კი ქალაქის  გამწავნების სამსახური  მოაწესრიგებს.
პირველ ეტაპზევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
 შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე მოსწავლეებს დაპირდა, რომ პარკის დამატებით მოწყობისთვის შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფენ სახსრებს. მაგალითად იგეგმება, საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება, მოზრდილებისთვის ფანჩატურების მოწყობა და ა.შ.
პროექტის ავტორები პროექტს დასრულებეულ სახეს უახლოეს მომავალში  მისცემენ, რის შემდეგაც პროექტი ოფიციალურად დამტკიცდება.
 აღნიშნული პროექტი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ რუსთავის ახალგაზრდულ ფორუმზე მომზადდა. რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 7-მა წევრმა სამუშაოდ სწორედ ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაცია აირჩია.  პროექტმა მერიისგან მხარდაჭერა მოიპოვა და მას შემდეგ მოსწავლეები მერიასთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობენ.

No comments:

Post a Comment