Thursday 31 March 2011

№11 და №12 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა

30 მარტს  „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა  № 11 და № 12 საჯარო სკოლების  სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ  სამოქალაქო განათლების 2 პედაგოგი და 12 მოსწავლე. ბავშვებმა გონებრივი იერიშის მეთოდის ჩამოყარეს  იდეები თუ რა სჭირდება კლუბს რომ შედგეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ პროგრამის უპირატესობებს და დაგეგმეს შემდეგი სამუშაო შეხვედრა.

პროგრამის პრეზენტაცია №7 საჯარო სკოლაში

30 მარტს რუსთავის მე–7 საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდნენ სიქა–ს წარმომადგენლები – პროგრამის კოორდინატორები ქვემო ქართლის რეგიონში. ინფორმაცია სამოქალაქო განათლების პროგრამის შესახებ დიდი ინტერესით მოისმინეს სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და პროგრამით დაინტერესებულმა აქტიურმა უფროსკლასელმა მოსწავლეებმა. 
პროგრამის ყველა მიმართულება დამსწრე აუდიტორიისათვის საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებული ინტერესი კი სტაჟირებისა და მცირე გრანტების პროგრამამ გამოიწვია. სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად უახლოეს დღეებში სამოქალაქო კლუბის დაფუძნება და აქტიური მუშაობის დაწყება განიზრახეს.

პროგრამის პრეზენტაცია №12 საჯარო სკოლაში

29 მარტს რუსთავის მე–12 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია მოეწყო. მე–12 საჯარო სკოლა ორ სექტორიანია (ქართული და აზერბაიჯანული სექტორი). პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები. ორივე სექტორის მოსწავლეებმა პროგრამით დიდი დაინტერესება გამოხატეს. შეხვედრისას დაისვა კითხვები სტაჟირების პროგრამის, სხვადასხვა აქტივობებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასახეს კონკრეტული ღონისძიებები პროგრამაში აქტიური ჩართვისათვის.

Tuesday 29 March 2011

საჯარო დებატები რუსთავის სამოქალაქო კლუბებს შორის

28 მარტს, რუსთავის №21 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის"   ფარგლებში მოეწყო საჯარო დებატები რეზოლუციით " საქართველოს საჯარო სკოლებში ფორმით სიარულ ჯობია თავისუფალ ჩაცმულობას". საჯარო დებატებში ერთმანეთს შეხვდა ქ. რუსთავის №15 და №22  საჯარო სკოლების მოდებატეთა გუნდები. გუნდები გულმოდგინედ ემზადებოდნენ საჯარო დებატებისათვის, ჩაატარეს წინასწარი მოკვლევები ქ. რუსთავის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებსა და დირექციის წარმომადგნელებს შორის ფორმიანობის შესახებ. კვლევის შედეგები მოდებატე მხარეებმა აქტიურად გამოიყენეს დებატების დროს.  გუნდებს შორის დაძაბული დებატების  შუალედში, საჯარო დებატის ფორმატით, დამსწრე აუდიტორიასაც მიეცა საშუალება ჩაბმულიყო დებატებში, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები მომხსენებლებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული რუსთავის 15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამოქალაქო კლუბების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავორობო ორგანიზაციების წარმომადნელები,  ასევე პროგრამა "ჰარმონიის" გრანტების მენეჯერი თამარ ფრუიძე. დებატებს უძღვებოდა დებატების პროგრამის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში ნინო ვარდიაშვილი.
ქ. რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმა რეგიონული დებატ ტურნირის ორგანიზებისა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის ბარათები.


Saturday 26 March 2011

მასტერ კლასი დებატების ხელოვნებაში

26 მარტს, ქ. რუსთავის #15, #21 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს, დებატების გამოცდილმა ტრენერმა გიორგი თვალიაშვილმა ჩაუტარა მასტერ კლასი დებატების ხელოვნებაში. შეხვედრა სამი საათი გრძელდებოდა.  მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დებატების ტენიკაზე, შემდეგ კი ითამაშეს ფორმალური დებატები კარლ პოპერის (იგივე ფასეულობითი დებატები) ფორმატით. 
თამაშის შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს კომპეტენტური შენიშვნები და რეკომენდაციები. მონაწილეებმა დღე შეაფასეს როგორც ერთ–ერთი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე.

მზადება საჯარო დებატებისათვის

16 მარტიდან 11 დღის განმავლობაში ქ. რუსთავის #15 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები ინტენსიურად ემზადებოდნენ 28 მარტს დაგეგმილი საჯარო დებატებისთვის: იღებდნენ კონსულტაციებს და ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს  დებატების პროგრამის კოორდინატორთან ნინო ვარდიაშვილთან. მოსწავლები ვარჯიშობდნენ ფორმალური დებატების ტექნიკაში, მუშაობდნენ ქეისებზე და ივითარებდნენ დებატების წარმოებისათვის აუცილებელ უნარებს. ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და მოიხიბლნენ დებატების ხელოვნებით.

Wednesday 23 March 2011

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში

23 მარტს რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია პროგრამის კოორდინატორების მიერ ქვემო ქართლის რეგიონში.
პრეზენტაციას დაესწრნენ სკოლის უფროსკლასელი აქტიური მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია.
აუდიტორიას მიეწოდა ვრცელი, დეტალური ინფორმაცია პროგრამის მიმართულებებისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ.
მოსწავლეთა ინტერესის ფონზე გადაწყდა უახლოეს მომავალში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის დაარსება და პროგრამის მიმართულებებში აქტიური ჩართვა.

Wednesday 16 March 2011

საქალაქო ღონისძიების დაგეგმვა


16 მარტს “სიქას“ ოფისში  შედგა სამუშაო შეხვედრა საქალაქო ღონისძიების განსახორციელებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ  №15, № 21, №22, და №25 სკოლის მოსწავლეები. სამუშაო რეჟიმში მოსწავლეები გაეცნენ დებატების ხელოვნებას და კერძოდ კი კარლ პოპერის, იგივე ფასეულობათა ფორმატს და ჩამოყალიბდა №22 და №15 საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან  2 გუნდი.
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა არის დებატები და კერძოდ, ფასეულობათა დებატების ტექნიკა. გაიგეს  როგორც შინაარსობლივი მხარე, ასევე ტექნიკური. დაიგეგმა  მოთამაშე გუნდებთან შემდეგი სამუშაო შეხვედრები.

ტრენინგები სოციალურ მედიაში

11-12 მარტს სიქა-ს ოფისშჲ ჩატარდა ტრენიგნები სოციალური მედიის გამოყენებაში. ტრენინგს უძღვებოდა ნინო ბიგვავა - პროგრამა ჰარმონიის ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი.
ტრენიგნს დაესწრო 12 მოსწავლე რუსთავის 8 საჯარო სკოლიდან. ორი დღჲს განმავლობაშჲ მოსწავლეებმა შეისწავლეს სოც. მედიის ინსტრუმენტების გამოყენება - wordpress.com, Youtube.com, dotsub.com. ტრენინგის განმავლობაში შეიქმნა საინტერესო ბლოგები, რომელთა მთავარი თემა სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების გაშუქებაა.

Thursday 10 March 2011

9 მარტის შეხვედრა სიქა-ს ოფისში

9 მარტს სიქა-ს ოფისში რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის მენეჯერს - ხათუნა გოგალაძესა და საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს- გიორგი მაღრაძეს.  შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე და 1 პედაგოგი. თავდაპირველად გიორგი მაღრაძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების შესახებ და ადამიანის მზაობაზე ამ მიმართულებით, რომლის შემდეგ შედგა დისკუსია მოსწავლებთან, თუ რამდენად გაათვითცნობიერეს ახალგაზრდებმა ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს მიიღეს.
შემდეგ ხათუნა გოგალაძემ ისაუბრა ორჰუსის კონვენციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უფლების დაცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და აღსრულების პროცესში და განმარტა ეს უფლებები. დასასრულს გიორგი მაღრაძემ და ხათუნა გოგალაძემ სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებს დაურიგეს მათი ორგანიზაციების ბუკლეტები, კალენდრები და ბიულეტენები. მოსწავლეებმა   აღნიშნეს, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ კლუბების მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
შეხვედრის მეორე ნაწილში სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კლუბების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე დაიგეგმა 1 სამოქალაქო აქტივობა დებატების სახით და შეირჩა მოდებატე სკოლებიც.
შეხვედრის დასასრულს საგრანტო განაცხადზე მომუშავე კლუბის წევრებს ჩაუტარდათ კონსულტაციები საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით.

Thursday 3 March 2011

2 მარტის მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში

2 მარტს სიქა-ს ოფისში ჩატარდა უკვე ტრადიციულად ქცეული საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან, რომელსაც 21 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის 5 პედაგოგი. დასაწყისში ინფორმაცია მიეწოდათ სიქა-ს აქციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დედის დღეს  - 3 მარტს მანდილოსნებისთვის ვორკშოპის ჩატარებას ელ.ფოსტის გამოყენებაზე, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. ასევე გაკეთდა განცხადება  სოც.ქსელების ტრენინგების შესახებ, რომელიც ჩატარდება სიქა-ს ოფისში 11-12 მარტს და გაუძღვება PH International-ის საქართველოს წარმომადგენლობაში ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი ნინო ბიგვავა. სამოქალაქო კლუბებს დაევალათ ტრენინგზე დამსწრე მოსწავლეების სიის მოწოდება 1 კვირის ვადაში. ასევე 1 კვირა გაგრძელდა სტაჟირების პროგრამისთვის აპლიკაციების მიღების ვადაც, რომლის დასრულების შემდეგ სიქა უკვე დაუკავშირდება შესაბამის ორგანიზაციებს. მოხდა http://civics.ge/ საიტის პრეზენტაცია, რომელზეც განთავსდება ინფორმაციები საქართველოს მასშტაბით ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობის შესახებ. 
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ანგარიშის მოსმენა. ყველა სკოლას დაურიგდათ კლუბის ანგარიშისა და კლუბის სამუშაო გეგმის ფორმები, ელ.ვარიანტებიც დაეგზავნათ ელ.ფოსტით და დაევალათ, რომ უკვე ორშაბათისთვის შევსებული სახით წარმოადგინონ. დისკუსია შედგა, თუ რა სახის სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ კლუბებს და რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს სიქა-მ, რომ ამისათვის განაცხადი დაგეგმილ ღონისძიებებზე მინიმუმ 2 კვირით (ადრე მიწოდებული ფორმის მიხედვით) უნდა გაკეთდეს. ასევე ყურადღება გამახვილდა მეურვის პასუხისმგებლობაზე, რომ სასურველია მეურვე ანუ სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქმის კურსში იყოს, თუ რახდება კლუბის შიგნით და დაეხმაროს მათ მუშაობაში.
შეხვედრის მეორე მთავარი თემა იყო მცირე გრანტები, რომლის დედლაინმა გადაიწია 15 მარტისთვის. პროექტორის საშუალებით ეკრანზე დემონსტრირება მოხდა, თუ როგორ უნდა შეავსონ საგრანტო განაცხადისა და პროექტის ბიუჯეტის ფორმები, ასევე თანამონაწილეობის დოკუმენტები.  სამოქალაქო კლუბებს თუ დასჭირდათ, სიქა მათ დაეხმარება ამ ფორმების შევსებასა და ნებისმიერი სხვა სახის კონსულტაციების მიღებაში.