Tuesday 17 September 2013

დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი


16 სექტემბერს ქ. რუსთავში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორ ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში, ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებისთვის სიქას ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ალან ჩანდლერმა და რუმინელმა მოხალისეებმა დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გამართეს. 
შეხვედრის დასაწყისში ნაჩვენები იქნა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი დემოკრატიის თემაზე. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია .
მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა არის დემოკრატია, განიხილეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხმა. საკუთარი პოზიციის დასაცავად მოსწავლეებმა დემოკრატიის კონკრეტული მაგალითები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე: არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა სკოლებში.
ცხარე კამათის შემდეგ სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუკი სკოლებში არ არის იდეალური სიტუაცია, სწორედ მოსწავლეებს აქვთ უფლება და საშუალება, მათი აქტიური პოზიციითა და ადვოკატირებით, გააუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს ყველა მოსწავლემ ისაუბრა საკუთარ როლზე დემოკრატიის მშენებლობაში. თითოეული მათგანი თვლის, რომ მათი აქტიური მოქალაქობრივი პოზიცია მნიშნელოვანია საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
შეხვედრას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 24 წევრი დაესწრო.

Friday 6 September 2013

„გახდი ქველმოქმედი“ - რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქველმოქმედების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

5 სექტემბერს რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებმა სიქა ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებთან   ერთად ქველმოქმედების საერთაორისო დღე აღნიშნეს აქციით „გახდი ქველმოქმედი“.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა  რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით რამდენიმე ოჯახი შეარჩიეს, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, სოციალურ მუშაკებთან ერთად მოცემული შეჭირვებული ოჯახების საჭირობების ჩამონათვალი შეადგინეს და გადაწყვიტეს მოეძიათ რესურსები ამ ოჯახების დასახმარებლად.
5 სექტემბერს კლუბების წევრებმა რუსთავის მოსახლეობას პოსტერებითა და ფლაერებით მოუწოდეს  საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისკენ, რომ ერთად დაეხმარონ შეჭირვებულ  ოჯახებს.
აქციის პერიოდში მოიპოვეს მხარდამჭერები - რომლებმაც ოჯახებისათვის  გაიღეს დახმარება  ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების სახით, ასევე გამოჩნდა მცირე მეწარმეც, რომელმაც სურვილი გამოთქვა საკვები პროდუქტებით დაეხმაროს  აქციის ბენეფიციარებს.

აქცია სექტემბრის  თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამოქალაქო კლუბების წევრები გეგმავენ ასევე საქველმოქმედო კუთხით სოციალური მედიით საქველმოქმედო კამპანიის წარმოებას კონკრეტული ოჯახების დასახმარებლად.