Thursday 21 November 2013

„თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ - ღია გაკვეთილი რუსთავის #12 საჯარო სკოლაში

სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის მე-9 ა კლასთან სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა ჩატარა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში თემაზე „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღავნელოს „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ გამოყენებით.) გაკვეთილს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის თავმჯდომარე, წიგნის ავტორი, ექსპერტი ნინი ბესელია, სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები.
გაკვეთილის მიზანი იყო: ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონკრეტული თანამშრომლობის გზების დასახვა/მოდელირება.

Wednesday 20 November 2013

კონსულტაციები საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით დაიწყო

18 ნოემბერს გამოცხადდა მცირე გრანტების კონურსის ბოლო  მერვე რაუნდი. საკონკურსო განაცხადების მიღება 22 დეკემბრამდეა შესაძლებელი. სიქა-მ განააახლა საკონსულტაციო შეხვედრები სამოქალაქო კლუბებთან საგრანტო აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით.
20 ნოემბერს სიქა-ს ოფისში დანიშნულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრნენ რუსთავის #11 და #21 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, რომლებიც  საპროექტო იდეებით მოვიდნენ. მცირე საგრანტო პროექტების კოორდინატორის ცირა თავშავაძის დახმარებით მოსწავლეებმა დაიწყეს ონლაინში აპლიკაციის შევსება, გაეცნენ თანამონაწილეობის წერილების ნიმუშებს,  შეადგინეს პროექტის ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის მონახაზები, რომელსაც დასრულების შემდეგ ატვირთავენ. 
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ეს მცირე გრანტების ბოლო  კონკურსია და მოსწავლეები ყოველმხრივ ეცდებიან გამოიყენონ ეს შანსი, დაწერონ კარგი პროექტები და მოიპოვონ დაფინანსება.

Sunday 17 November 2013

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით,  17 ნოემბერს  რუსთავის 7 სამოქალაქო კლუბის 30-მა წევრმა, აღნიშნეს ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
 ღონისძიება ორ ნაწილად იყოფოდა,  თავდაპირველად რუსთავის  #26 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა აუდიტორიისთვის გააკეთეს პრეზენტაციები.
რუსთავის #26 და #9 სკოლების კლუბების  წევრებმა წარადგინეს ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ავტო საგზაო შემთხვევების შესახებ. იყო ნათქვამი მთავარი გზავნილები, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია მსგავი შემთხვევების თავიდან აცილება. ასევე აჩვენეს ვიდეო, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები უხეშად არღვევენ გზაზე გადასვლის წესებს მაშინ, როდესაც ქალაქში არის ე.წ. ზებრა გადასასვლელები, ღილაკიანი შუქნიშანი და დაჯარიმების საშიშროებაც.
 რუსთავის #2 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა  აჩვენეს 2  ვიდეო, პირველი ეხებოდა  მოტოციკლეტით მგზავრობისას ავარიის მაღალ რისკებს. ნაჩვენები იყო  ბოლო თვეებში მომხდარი 3 ბაიკერის უბედური შემთხვევა, ხოლო მეორე ვიდეო ეხებოდა მათ მიერ ჩატარებულ თემის გამოკითხვას.
ღონისძიების მეორე ნაწილში,  საინფორმაციო პლაკატებით ხელში მოეწყო  ქუჩაში მსვლელობა. მოსწავლეები მოსახლეობას ურიგებდნენ საინფორმაციო ფურცლებს  და გაჩერებული მანქანების საქარე მინებში ათავსებდნენ ფურცლებს და სტიკერებს წარწერით „საჭესთან ფხიზლად!"
ღონისძიება თავისი ინფორმირებულობით იყო ძალიან საჭირო და აქტუალური. მონაწილეები კი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის #1, #2, #9, #11,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა.

Friday 15 November 2013

მზადება 17 ნოემბრის აქციისთვის

15 ნოემბერს სიქა-ს ოფისში შეიკრიბნენ რუსთავის #2, #11 და #21 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები და დაიწყეს მზადება 17 ნოემბრის აქციისთვის, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, რომლებსაც გამოფენენ დაგეგმილ აქციაზე. 
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება.  2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს.
17 ნოემბრის აქცია ეწყობა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბები.

Monday 11 November 2013

რუსთავის #11 სკოლის სამოქალაქო კლუბი ახალი შემადგენლობით

 სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქას წარმომადგენელი 11 ნოემბერს რუსთავის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ახალ შემადგენლობას შეხვდა. მე-9 კლასელებმა გადაწყვიტეს გაააქტიურონ კლუბი და აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში.
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცვნენ პროგრამის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებს, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო კლუბის დანიშნულების, მუშაობის სტილის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა აკეთოს კლუბმა.
ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა უკვე დაგეგმეს კლუბის პირველი შეხვედრა და ჩამოწერეს ის სავარაუდო აქტივობები, რომელსაც კლუბის წევრები მუშაობის დაწყებისთანავე განახორციელებენ.
კლუბის წევრები  ქალაქში არსებული პრობლემების კვლევის პირველ ეტაპზე მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავენ.  შედეგად შეარჩევენ იმ საკითხებს, რომელთა მოგვარებას შეეცდებიან თვითმმართველობასთან თანამშორმლობით.
წარმატებებს ვუსურვებთ კლუბის ახალ წევრებს!

Friday 8 November 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ქალაქის მერის მოადგილეს გიგი ტაბატაძეს შეხვდნენ

7 ნოემბერს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუთავის მერიის სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.
გაზაფხულზე გამართული ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე მოსწავლეთა ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პარკის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც ქალაქის მერიის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოსწავლეებმა  ინიციატივაზე მერიისგან დადებითი პასუხი მიიღეს. მალევე პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო განაცხადები მერიის მოადგილემ გიგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადილემ ლეილა აფციაურმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს და გამარჯვებული ერთად გამოავლინეს.
გასულ კვირას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და მერიის მოადგილესთან ერთად კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პროექტის პუნქტები.  
პროექტის ფარგლებში პარკში დაიგება სავალი ბილიკები, დამონტაჟდება სკამები, ურნები და სანათები, მოპირკეთდება ტროტუარი, დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია,  პარკის უსაფრთხოებაზე დაცვა იზრუნებს.
ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა 23 ნოემბრის გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც მერიის წარმომადგენლები და სამოქალაქო კლუბების წევრები პარკის ტერიტორიაზე  100 ძირ ხეს ერთად დარგავენ.
შეხვედრაზე გიგი ტაბატაძემ მოსწავლეებს ქალაქში მიმდინარე სხვა პროექტებიც გააცნო.
შეხვედრის დიდი ნაწილი იმ პრობლემებზე საუბარს და მსჯელობას დაეთმო, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებს.  
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგი სახის პრობლემებზე: საგზაო ნიშნების ნაკლებობა, ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობა, კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, მიმანიშნებელი აბრების არ არსებობა კორპუსებზე, დაზიანებული სანიაღვრე ჭები და სხვა.
მერის მოდგილემ მოსწავლეებს  პრობლემების ნაწილის ერთად მოგვარება შესთავაზა. რამდენიმე პრობლემა კი ამ ეტაპისთვის მოუგვარებელი  რჩება.
შეხვედრის დასასრულს სხვადასხვა ინიციატივებსა და პრობლემებზე სამუშაოდ შეხვედრები დაიგეგმა მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან.
მოსწავლეები მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად განაგრძობენ ადვოკატირების პროცესს ქალაქის თვითმმართველობასთან.
შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო. 
ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.