Sunday 30 June 2013

პროგრამის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2013 წლის 13 ივნისს, მარნეულის გამგეოის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სულ 120 ადამიანი.
შეხვედრაზე მარნეულის #8, კუმისის, გარდაბნის #1 და აღმამედლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული საკლუბო აქტივობების პრეზენტაცია. ახალგაზრდული ფორუმის რუსთავის სამუშაო ჯგუფმა ისაუბრა ფორუმზე შემუშავებული საპროექტო იდეის განხორციელების შესახებ. კერძოდ, ქ.რუსტავში ლეონიძის სახელობის სკვერის კეთილმოწყობისა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგებზე. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო რეგიონში ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მიღწეული შედეგები.
ქვემო ქართლის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სამოქალაქო კლუბებს. რეგიონის მასშტაბით დაჯილდოვდა 10 კლუბი.
შეხვედრაზე პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს კუმისის გამგებლის მოადგილემ არჩილ მდივნიშვილმა, აღმამედლოს ადგილობრივმა რწმუნებულმა ფლორა აივაზოვმა და მარნეულის #8 სკოლის დირექტორმა ელმა ჯაფარლიმ. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს პროგრამას და PH International-ს სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების და სამოქალაქო განათლების პედაგოგების ხელშეწყობისათვის.
შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

Wednesday 12 June 2013

სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობას გაეცვნენ

11 ივნისს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ, რუსთავის მერიის დიდ დარბაზში გაიმართა.
ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ხუროშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომლითაც მიმოიხილა ცენტრის საქმიანობები, მუშაობის ძირითადი სფეროები,  განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
მოსწავლეებმა კი  ცენტრის წარმომადგენლებს სამოქალაქო კლუბების საქმიანობები გააცნეს.მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, რომელიც ძირითადად კლუბებისა და ცენტრის თანამშრომლობას შეეხებოდა.  
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა მიიღეს შეთავაზება, მიმართონ ცენტრს სხვადასხვა ინიციტივებით. ცენტრი კი მზად არის შესაძლებლობის  ფარგლებში ითანამშრომლოს კლუბებთან და ერთობლივი აქტივობები განახორციელონ.
შეხვედრას რუსთავის 7 სკოლის სამოქალაქო კლუბის 12 წევრი დაესწრო. სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბებისთვის საჯარო დაწესებულებებში ვიზიტებს.