Wednesday 26 December 2012

შეხვედრა ანატოლი ბოისასთან

24 დეკემბერს სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ცნობილ კალათბურთელ ანატოლი ბოისას შეხვდნენ. შეხვედრის დასაწყისში კალათბურთელმა საკუთარი სპორტული კარიერის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა დილოგის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებთან ერთად სპორტსმენმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობისა და წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორების განხილვას დაეთმო. თუმცა, მოსწავლეების კითხვები შეეხებოდა პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებს, სპორტსმენმა ყველა კითხვას გულახდილად უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს სპორტსმენმა ახალგაზრდებს კონკრეტული რჩევები მისცა და დასახული მიზნის ასრულებისთვის დაუღალავი შრომისკენ მოუწოდა. შეხვედრამ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა.

იმიტირებული სასამართლოს ფინალი

22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოში იმიტირებული სასამართლოს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ რუსთავის #1 და #13 საჯარო სკოლების გუნდები. იმიტირებული სასამართლოს ტურნირი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Bridge" განახორციელა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო რუსთავის რვა საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება წილად ხვდა რუსთავის #13 საჯარო სკოლის გუნდს. 

შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

12 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა შეხვედრა მოსწავლეთა თვითმმართველობების აქტიური წევრების, სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა რუსთავის #18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, რომელმაც სიქა-ს მეურვეობითა და ხელშეწყობით განახორციელა მცირე საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში სკოლაში მოეწყო რადიოკვანძი. სკოლის მიერ განხორციელებულმა პროექტმა დიდი  მოწონება დაიმსახურა განათლების სამინისტორს წარმომადგენლებს შორის, მინისტრის მოადგილემ ბ-მა ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე #18 სკოლის ბენეფისი შედგა. სიქა ულოცავს სკოლას ამ წარმატებას!

Saturday 22 December 2012

სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი რუსთავის მერიაში


21 დეკემბერს, სიქას ორგანიზებით რუსთავის მერიის  დარბაზში რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა მოეწყო მერიის  წარმომადგენლებთან.
მოსწავლეებს შეხვდნენ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ვეფხვაძე, საკრებულოს წევრი ლექსო კვაჭიძე, მერიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ხუციშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს 2013 წლის ბიუჯეტი, მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რა თანხებია გაწერილი კონკრეტულ სფეროში, რომელი სფეროა მომავალ წელს პრიორიტეტული, რა თანხაა გამოყოფილი განათლებისთვის და ზოგადად ახალგაზრდული პროექტებისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, მოსწავლეებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გახდეს უფასო, საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს თემა შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს.
მოგვიანებით რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გააცნო ცენტრის სამომავლო გეგმები და გამოთქვა სურვილი აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო კლუბებთან.
მერიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მომავალში მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისკენ მოუწოდეს.
შეხვედრას რუსთავის 5 სკოლის 12 მოსწავლე დაესწრო.

Wednesday 12 December 2012

საკონსულტაციო შეხვედრა მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით

11 დეკემბერს სიქა-ში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების სააპლიკაციო ფორმის შევსების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა 10 მოსწავლე რუსთავის #2, #13 და #28 საჯარო სკოლებიდან. აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 2013 წლის 8 იანვარი

შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნა რუსთავის #14 საჯარო სკოლაში

4 დეკემბერს რუსთავის #14 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით  ჩატარდა სემინარი, რომლებზეც მოსწავლეებმა მოხსენებები გააკეთეს თემებზე:
1. აივ ინფექცია და დაინფიცირების გზები;
2. რა მეთოდებით დავიცვათ თავი;
3. რა კეთდება ამ კუთხით საქართველოში.
მოსწავლეთათვის შედეგი იყო ძალიან შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი. ყველა მათგანი აღნიშნავდა ანტიპათიას ნარკოტიკის მოხმარების მიმართ და სურვილს, რომ დაეხმაროს დაავადებულ ადამიანს.
ფილმ "სტიგმას" ჩვენების შემდეგ მოეწყო მისი განხილვა.
სემინარს ესწრებოდა XI კლასის 25 მოსწავლე და ბილოგიის პედაგოგი ლამარა ბერიძე.

რუსთავის ბიუჯეტის განხილვა

6 დეკემბერს სიქა-ს ოფისში მოეწყო რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების შეხვედრა, რომელსაც 25 მოსწავლე დაესწრო. 
შეხვედრის მთავარი მიზანი რუსთავის ბიუჯეტის განხილვა იყო. მოსწავლეები დაიყვნენ  ჯგუფებად, რომლებიც რამოდენიმე დღეში შეისწავლინ რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტს, რის შემდეგაც შეხვდებიან  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის წარმომადგენლებს და გაუზიარებენ საკუთარ კომენტარებს, მოსაზრებებს, ინიციატივებს. 

Saturday 1 December 2012

საკონსულტაციო შეხვედრები სიქა-ში


სამშაბათს, 27 ნოემბერს სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების სააპლიკაციო ფორმის შევსების შესახებ, მცირე გრანტების მორიგი კონკურსი გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, პროექტების მიღების ბოლო თარიღია 2013 წლის 8 იანვარი. შეხვედრას ესწრებოდა 6 მოსწავლე რუსთავის  #21, #18, #24  სკოლებიდან.

Wednesday 28 November 2012

„კანონი დღეს“ - რუსთავის №12 საჯარო სკოლის საგრანტო პროექტი

რუსთავის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „Bridgeსაგრანტო პროექტის „კანონი დღეს“ განხორციელება აქტიურად დაიწყო. პროექტის მიზანია მოსწავლეებში სამართლებრივი დონის ამაღლება. პროექტით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას იღებენ ქ. რუსთავის რვა სამიზნე სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები.         
2012 წლის 21 ნოემბერს  რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის სახლში გაიმართა საგრანტო პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანიც იყო მონაწილე სკოლებისათვის გაეცნოთ პროექტის არსი, მიზანი, საქმიანობები, ეტაპები. არნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ.რუსთავის 8 საჯარო სკოლის (№1,2,7,12,13, 15, 20, 28) კლუბების წევრები და მეურვეები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი და კერძო საადვოკატო ბიუროს წევრები, რომელბიც აქტიურად არიან ჩართლნი პროექტის განხორციელებაში.  შეხვედრაზე მონაწილე გუნდებს გადაეცათ იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის შესაბამისი კაზუსები.
 თითოეული სკოლის გუნდს დაენიშნა კონსულტაციები (26,27 ნოემბერი, 2012წელი) იურისტებთან  (საია და კერძო სადვოკატო ბიურო), რომლებიც ატარებენ რეგულარულ  შეხვედრებს მონაწილეებთან და აძლევენ მითითებებს კაზუსების გარშემო.
დეკემბრის თვეში რუსთავის სქალაქო სასამართლოს დარბაზში დაგეგმილია გუნდებს შორის შეხვედრა - შეჯიბრება.  პროექტი მიმდინარეობა შუქდება ტელევიზიით -  ქვემო ქართლის ტელევიზია და ტვ-9 საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად აშუქებს პროექტის მიმდინარეობას.

Saturday 17 November 2012

ტოლერანტობის დღეს რუსთავის სამოქალაქო კლუბები მოწვეულ სტუმარს შეხვდნენ


16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სიქას ინიციატივით მოეწყო რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა მოწვეულ სტუმართან, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენელთან შორენა ლორთქიფანიძესთან.
შეხვედრის პირველ ნაწილში სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ძალადობა, დისკრიმინაცა, ჩაგვრის ტიპები, რას ნიშნავს იყო ტოლერანტი და რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები.
შემდეგ მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ, თითო ჯგუფს დაევალა პოსტერებზე დაეხატათ მათი თვალით დანახული ტოლერანტობა, შემდეგ ყველამ ერთად განიხილა დამზადებული პლაკატები.
შეხვედრის მეორე ნაწილში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახულია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ჩაგვრის ფაქტები. ჩვენების შემდეგ გაიმართა განხილვა და აქტიური დისკუსია შედგა.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. დამსწრეთა უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული შეხვედრის მიმდინარეობაში. დღის შეჯამებისას მოსწავლეები საუბრობდენენ იმაზე, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს თემასთან დაკავშირებით, დაინახეს თუ რატომ უნდა ეცადოს ადამიანი ტოლერანტული გარემოს შექმნას, უკეთ გაიაზრეს ტოლერანტობის მნიშვნელობა და აუცილებლობა.
შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 61 წევრი დაესწრო.

Monday 22 October 2012

კლუბების სამოქმედო გეგმების პრეზენტაციები გრძელდება


19 ოქტომბერს სიქას ოფისში რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს კლუბის სამუშაო გეგმა და დეტალურად განიხილეს ის აქტივობები, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. მოსწავლეებმა ერთმანეთს ამა თუ ის საკითხზე  საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და გამოთქვეს სურვილი მეგობარი სკოლის აქტივობებში ჩაერთონ. შეხვედრაზე თითოეულმა სკოლამ წამოჭრა პრობლემები, რომლებიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებს და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება თითოეულის მოგვარება და ვის შეიძლება მიაკითხონ ამისთვის. კლუბებმა დაიწყეს პრობლემებზე მუშაობა და ოფიციალური წერილის შედგენა შესაბამისი სამსახურებისთვის. თითოეული კლუბი ახალი კვირიდან აქტივობების განხორციელებას აქტიურად იწყებს.
შეხვედრას რუსთავის 3 სკოლის სამოქალაქო კლუბის 8 მოსწავლე დაესწრო.

Thursday 18 October 2012

ახალი კლუბების რაოდენობა მატულობს

17 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი ტრენინგი საკლუბო  მუშაობაში სახელმძღვანელოს გამოყენებით, რომელსაც უმასპინძლა რუსტავის #20 საჯარო სკოლამ. ტრენინგს დაესწრნენ რუსთავის  #7,#17, #20, #24, #25, #26, #28 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.კრწანისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ  28  მოსწავლე.
ტრენინგის მსვლელობისას არსებულმა კლუბებმა გაიცნეს ერთმანეთის საქმიანობები, ხოლო უმრავლესობამ რუსთავის #7, # 17, #24, #25 ადგილზე მოიფიქრეს კლუბების სახელები, სლოგანები და უახლოესი გეგმები. ტრენინგის მონაწილეთა დიდი ნაწილისთვის პროგრამა იყო ახალი და მათი დაინტერესება გამოიწვია. უახლოეს დღეებში კლუბები მოგვაწვდიან ინფორმაციებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ტრენინგის მონაწილეები სხვადახვა სავარჯიშოებით დარწმუნდნენ კლუბის სტრუქტურული მუშაობის ეფექტურობაში და აუმაღლდათ კლუბში მუშაობის მოტივაცია.

Friday 12 October 2012

სამოქალაქო კლუბების მორიგი შეხვედრა გაიმართა


სამოქალაქო კლუბების მორიგი შეხვედრა რუსთავის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ოთახში გაიმართა. შეხვედრას რუსთავის 7 სკოლის 24 მოსწავლე დაესწრო.
დამსწრე კლუბების უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული პროგრამის მიმდინარეობაში. მათ საქმიანობის განხილვისას აღმოჩნდა, რომ კლუბებს აქვთ სხვადასხვა პრობლემები და დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლის კლუბის წარმატებულად ფუნქციონირებას.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ყველა კლუბის პრობლემები ცალ-ცალკე განიხილეს და იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზეებზე და საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტი ამოარჩეს.
თითოეულ კლუბს განესაზღვრა დრო პრობლემების მოსაგვარებლად. 

კლუბების რაოდენობა იზრდება


9 ოქტომბერს რუსთვის #22 საჯარო სკოლაში სამოქალქო კლუბების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრენენ რუსთავის 4 სკოლის 22 მოსწავლე.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის #28 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ახლა ერთვებიან კლუბის საქმიანობაში.  მათ შეხვედრაზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სამოქალაქო განათლების შესახებ, სხვა სკოლის მოსწავლეების დახმარებით დეტალურად გაეცნენ კლუბის საქმიანობას, დანიშნულებას, მუშაობის სტილს, მიიღეს კონკრეტული რჩევები, როგორ უნდა შექმნან კლუბი და რა უნდა გააკეთონ პირველ რიგში.
მოსწავლეებმა მუშაობა შეხვედრის დასრულებისთანავე  დაიწყეს.
ამავე შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის #21 სკოლის სამოქალაქო კლუბის ახალი წევრები, რომლებიც აპირებენ კლუბის საქმიანობის გაგრძლებას და მათაც მიიღეს საჭირო ინსტრუქცია და რჩევები.
შეხვედრის მთავარი  მიზანი , რომ გამოცდილი კლუბის წევრებს ახალბედა კლუბებისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ, წარმატებით შესრულდა.
შეხვედრის დასასრულს კლუბებს ინდივიდუალური დავალებები მიეცათ შესასრულებლად.

Wednesday 10 October 2012

9 ოქტომბრის ტრენინგი


ჩატარდა მორიგი ტრენინგი საკლუბო მუშაობაში „სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს“ გამოყენებით. ტრენინგს დაესწრო რუსთავის #1, #2, #9 და #12 საჯარო სკოლების კლუბების 14  წევრი. ტრენინგის შემდგომ მონაწილეები დარწმუნდნენ კლუბის სტრუქტურული მუშაობის აუცილებლობაში და აუმაღლდათ მოტივაცია. დასახელდა უახლოესი გეგმები და ჩასატარებელი ღონისძიებები. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიგეს პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ.
კლუბებს დაურიგდათ წლის შემაჯამებელი გამოცემა და საკლუბო ოთახის სტიკერები. 

Tuesday 9 October 2012

ტრენინგი საკლუბო მუშაობაში „სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბის სახელმძღვანელოს“ გამოყენებით


8 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება ტრენინგები, რომელსაც პირველ ეტაპზე დაესწრებიან რუსთავის ყველა სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები (კლუბიდან 3-4 ბავშვი). 
პირველ ტრენინგს რუსთავის  #22 საჯარო სკოლამ უმასპინძლა, რომელზეც  დაესწრო რუსთავის 5 საჯარო სკოლის (რუსთავის  #4, #5, #10, #15 და #18 სკოლები) სასკოლო სამოქალაქო კლუბების 16 წევრი.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია კლუბის სტრუქტურული მუშაობის ეფექტურობის შესახებ და ასევე გაცნობოდნენ სხვა კლუბების მუშაობას. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა, რისი თქმის საშუალებასაც მონაწილეთა უკუკავშირი გვაძლევს (ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა შეავსეს შეფასების კითხვარი). მონაწილეთა მოტივაცია ამაღლდა და რაც წინაპირობაა იმისა, რომ მოიმატებს მათი აქტიურობა საკლუბო ღონისძიებებში.

ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროექტების აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით


ორშაბათს, 8 ოქტომბერს სიქაში შედგა ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროექტების სააპლიკაციო ფორმის შევსების შესახებ, შეხვედრას ესწრებოდა 5 მოსწავლე რუსთავის  #10, #18, #20 საჯარო სკოლებიდან. ახალგაზრდებმა შეიტანეს ბოლო შტრიხები თავიანთ პროექტებში და შესაფასებლადაც გადააგზავნეს.

Sunday 7 October 2012

კლუბებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა


5 ოქტომბერს რუსთავის #13 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრო რუსთავის 5 სკოლის 19 მოსწავლე.
შეხვედრის დასაწყისში ყველამ ერთად მიმოიხილეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა და სამოქალაქო კლუბების ძირითადი დანიშნულება და მიზნები. რის შემდეგაც გამოცდილი კლუბის წევრებმა შედარებით ახალბედა თანატოლებს გამოცდილება გაუზიარეს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც შესთავაზეს.
შეხვედრაზე თითოეულმა კლუბმა ცალ-ცალკე განიხილა საკუთარი კლუბის საქმიანობები, მუშაობის სტილი და პრობლემები. თითოელის განხილაში შეხვედრის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის ბოლოს კლუბებს ინდივიდუალური დავალებები მიეცათ და მათ შესასრულებლად გარკვეული ვადა განესაზღვრათ.

Wednesday 3 October 2012

სამოქალაქო კლუბებმა სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყეს


3 ოქტომბერს, სიქას ორგანიზებთ  რუსთავის #4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან შეხვედრა  მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის 5 სკოლის 29 მოსწავლე და 1 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
შეხვედრის მთავარი მიზანი ინიციტივების გამოვლენა და კლუბების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც სულ ახლახანს ჩაერთვნენ კლუბის მუშაობაში. გამოცდილი კლუბის წევრებმა თანატოლებს გაუზიარეს გამოცდილება:  მოკლედ გააცნეს სამოქალაქო კლუბის დანიშნულება, კლუბის მუშაობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, გამოკვეთეს ის სავარაუდო თემები, რომლებზეც უნდა იმუშავოს კლუბმა.
ახალ კლუბებმა მიიღეს კონკრეტული რჩევები და მითითებები თავდაპირველი აქტივობების განსახორციელებლად.
შეხვედრის დასასრულს მონაწილე კლუბებს მიეცათ 2 კვირა იმისთვის, რომ მოიძიონ თემში არსებულ პრობლემები, დაამუშავონ და მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, ასევე,  დასახონ კლუბის სამოქმედო გეგმა ნოემბრის ჩათვლით.
შეხვდრის დასრულების შემდეგ შეხვედრის ფასილიტატორთან პირადი კონსულტაციები გაირეს და კონკრეტულლი რჩევები მიიღეს ახლად დაარსებული კლუბის წევრებმა.

საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით

საგრანტო პროექტების დედლაინის მოახლოებასთან ერთად სიქა აქტიურად თანამშრომლობს სასკოლო სამოქალაქო კლუბებთან. სიქა-ს ოფისში ყოველდღე ხდება საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით, ასევე გასვლები რეგიონის სკოლებში თუ კონსულტაციები ონლაინში.

2 ოქტომბერს სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების სააპლიკაციო ფორმის შევსების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა 6 მოსწავლე და 1 პედაგოგი რუსთავის  №13, №18, №20 და გარდაბნის №3 სკოლებიდან.
3 ოქტომბერს სიქაში შედგა საგრანტო პროექტების სააპლიკაციო ფორმის შევსების ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა მარტყოფის #2 სკოლის 2 მოსწავლე. ახალგაზრდები აქტიურად  მუშაობენ საგრანტო პროექტების წერაზე. 


Friday 28 September 2012

საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების შესახებ

ხუთშაბათს, 27 სექტემბერს, სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების შესახებ, მცირე გრანტების მორიგი კონკურსი გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, პროექტების მიღების ბოლო თარიღია 8 ოქტომბერი. შეხვედრას ესწრებოდა 22 მოსწავლე და 1 პედაგოგი რუსთავის #20, ნორიოს და ლემშვენიერას სკოლებიდან.  ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვებზე პასუხი უშუალოდ პროგრამის ქვემო ქართლის კოორდინატორისგან გაეგოთ, რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება, სხვასხვა ტექნიკური თუ თვისობრივი დეტალები.  
სიქაში საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 8 ოქტომბრამდე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00 საათზე. ტარდება ასევე ინდივიდუალური კონსულტაციებიც.

Wednesday 26 September 2012

25 სექტემბრის საკონსულტაციო შეხვედრა

სამშაბათს, 25 სექტემბერს, სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების აპლიკაციების წერის შესახებ. გამოცხადებულია მორიგი საგრანტო კონკურსი, აპლიკაციების გადაგზავნის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი. შეხვედრას ესწრებოდა 3 პედაგოგი და 9 მოსწავლე სართიჭალის #2, გარდაბნის #3, ქ. რუსთავის #10,# 13  და #20 სკოლებიდან. ახალგაზრდებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია საგრანტო პროექტების განაცხადის შევსების შესახებ და რა დოკუმენტაციის მომზადება არის ამისთვის საჭირო. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ პროექტების წერაში.
სიქაში საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 8 ოქტომბრამდე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00 საათზე. ასევე ტარდება ინდივიდუალური კონსულტაციები.

Saturday 22 September 2012

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა


ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების შესახებ, შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საგრანტო პროექტების კოორდინატორი  ინგა ქიბროწაშვილი. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვებზე პასუხი უშუალოდ პროგრამის კოორდინატორისგან გაეგოთ, რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება, სხვადასხვა ტექნიკური თუ თვისობრივი დეტალები.  შეხვედრას ესწრებოდა 23 მოსწავლე რუსთავის #2, #7, #13, #15,# 18, #20, გამარჯვების და მარტყოფის #2 სკოლებიდან.  შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვახტანგისისა და გარდაბნის სკოლის დირექტორი და მასწავლებლები.
სიქაში საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 8 ოქტომბრამდე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00 საათზე.

Tuesday 18 September 2012

საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

18 სექტემბერს, სიქაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების შესახებ. როგორც ცნობილია, მცირე გრანტების კონკურსი კვლავ გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომლის დედლაინი 8 ოქტომბერია. შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე #10, #13  და #20 სკოლებიდან. ახალგაზრდებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია საგრანტო პროექტების განაცხადის შევსების შესახებ. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ პროექტების წერაში.
სიქაში საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 8 ოქტომბრამდე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00 საათზე.

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები მოხუცთა სახლს სტუმრობდნენ


12 სექტემბერს, რუსთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 15 წევრი რუსთავის მოხუცთა სახლის „ქსენონის“გახსნას დაესწრო.
მოხუცთა სახლს ოთახები დაემატა და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ სახლის დირექტორს და ბენეფიციარებს. მოსწავლეებმა დეტალური პასუხები მიიღეს მათთვის  საინტერესო კითხვებზე.  
მოსწავლეები ამბობენ, რომ კლუბებს დაგეგმილი აქვთ მუხუცთა სახლთან  თანამშრომლობა და  სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, სწორედ ამიტომ ვიზიტი დაეხმარებათ მათ აქტივობების სწორად დაგეგმვაში.
მოხუცთა სახლის გახსნას თვითმმართველობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Wednesday 5 September 2012

ბლოგერების შეხვედრა სიქა-ს ოფისში

5 სექტემბერს სიქა-ს ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" მონაწილე სკოლების ბლოგერები დაესწრნენ, სულ 10 მოსწავლე. ესენი იყვნენ რუსთავის №2, №4,  №10, №13, №15, №18 და №22 სკოლების ბლოგერები. სოც.მედიის ტრენინგ-ბანაკის მონაწილემ, რუსთავის №13 სკოლის მოსწავლემ  ოთარ დავითაშვილმა თანატოლებს გაუზიარა ბაკურიანის ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება, კერძოდ, ვიდეო-აიდიო მასალის დამუშავება ონლაინ რეჟიმში WeVideo და Aviary გამოყენებით. შეხვედრის მონაწილენი გაეცვნენ ამ პროგრამებს და ისწავლეს მასში მუშაობა. ბლოგერებმა აღნიშნეს, რომ ამ პროგრამების დახმარებით მარტივად შეძლებენ ვიდეო-აუდიო მასალის დამუშავებას და ბლოგზე და სხვა სოც.ქსელებში მათ გავრცელებას.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ერთმანეთის ბლოგები და გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები და რჩევები მათ გასაუმჯობესებლად. 
შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. დასარულს ბლოგერები გაეცვნენ სიქა-ს მიერ ბლოგერებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობებს და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

Tuesday 12 June 2012

ეკობორბალი - 2012

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიქა სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა.  რუსთავის იუსტიციის სახლის წინ მოეწყო რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ შემნილი პლაკატების კონკურსი თემაზე "ბავშვი და ჯანსაღი ცხოვრება" და ფოტო კონკურსი თემაზე "ბავშვთა უფლებები", რომლებშიც შესაბამისად გაიმარჯვა რუსთავის #10 და #1  სკოლების პლაკატებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად მოაწყვეს სხვადასხვა აქტივობა - ფლეშ-მობი, თამაშები, ეკობორბალის აწყობა. მოეწყო სკეიტებისა და როლიკების საჩვენებელი რბოლა. სპორტის ამ სახეობების მოყვარულებმა სიმბოლურად მოაწერეს ხელი პოსტერს და შეუერთდნენ მოსახლეობის იმ ნაწილს,რომელსაც სურს სკეიტ-პარკინგის მოწყობა რუსთავში. 
აქციაში მონაწილეობდნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა,სიქა-ს მოხალისეებმა და თემის წარმომადგენლებმა, სულ 45 მოქალაქემ. 

Monday 11 June 2012

სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემის" პრეზენტაცია

7 ივნისს სიქას ოფისში პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ რუსთავის სხვადასხვა  სამოქალაქო კლუბების 25 წევრი. 
პროექტის მთავარი მიზანია ქალაქის მოსახლეობამ არსებული პრობლემები მარტივად მიიტანოს თვითმმართველობამდე. ელექტრონულ რუკაზე მოსახლეობას შეუძლია დაიტანოს შეტყობინება პრობლემის შესახებ, იმ ადგილის მითითებით, სადაც ეს პრობლემა არსებობს.
მოსწავლეებმა დიდი მოწონება გამოთქვეს ამ პროექტის მიმართ, ვინაიდან მათ მუდმივად უწევთ თვითმმართველობასთან ურთიერთობა და მოსახლეობისათვის საჭირბოროტო პრობლემით მიმართვა, სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემა არის მოკლე და მარტივი გზა წვლილი შეიტანონ ქალაქის პორობლემების მოგვარებაში და იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები.

სოც.მედიის ტრენინგი

6-8 ივნისს სიქა-ს ოფისში მიმდინარეობდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა ისტ ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი. ტრენინგებს დაესწრნენ რუსთავის #12, #17 და #20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ 7 მოსწავლე. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები სხვადასხვა თემაზე, ისწავლეს პოსტების, გაჯეტების დადება, ბლოგის გაფორმება სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით.

Tuesday 10 April 2012

სამოქალაქო კლუბების მორიგი შეხვედრა

10 აპრილს სასკოლო სამოქალაქო კლუბების შეხვედრას სიქას ოფისში რუსთავის 10 სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო. 
შეხვედრის მთავარი თემა თვითმმართველობასთან სხვადასხვა ინიციატივებზე მუშაობა იყო. თითოეულმა კლუბმა წარმოადგინა საკუთარი სკოლის პრობლემა. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ერთობლივად განიხილეს სკოლების პრობლემები, რის შემდეგაც თითოეულმა კლუბმა ადგილზევე შეადგინა განცხადების ტექსტი და შესაბამისი წერილის ფორმაში ჩასვა. 10-დან 2 წერილის ადრესატი სკოლის დირექტორია, ხოლო დანარჩენის - თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერი.
მოსწავლეებს განესაზღვრათ ვადა, რომლის ფარგლებშიც წერილს საბოლოო სახე უნდა მისცენ და დაურთონ კლუბის წევრების ხელმოწერები.
გადაწყდა, რომ აღდგომის დღესასწაულების შემდეგ კლუბის წევრები წერილებს შეიტანენ ქალაქის მერიასა და სკოლის ადმინისტრაციაში.

მზადება "დედამიწის დღისადმი"

9 აპრილს სიქა-ს ოფისში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის  #4, #5, #11, #12, #13, #15, #17, #21, #22, #26 სკოლების 14 მოსწავლე დაესწრო. შეხვედრის მიზანი "დედამიწის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა შეადგინეს ღონისძიებების ნუსხა, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია. შემდეგ აარჩიეს რამოდენიმე, რომლის განხორციელების გეგმა და საჭირო რესურსები დეტალურად განიხილეს.
დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
1. სახე მოხატული მონაწილეები ფლაერებითა და პლაკატებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოსახლეობას ერთხელ კიდევ შეახსენებენ, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას დედამიწა.
2. ქალაქის რამოდენიმე ადგილას მონაწილეთა ჯგუფი მოაწყობს უხმო დადგმას. სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
3. დღის ბოლოს სიქას ოფისში მოეწყობა ფილმის ჩვენება და განხილვა.

Thursday 5 April 2012

ტრენინგი ანგარიშის წერაზე

5 აპრილს სიქას ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "როგორ ვწეროთ ანგარიში". ტრენინგს დაესწრო რუსთავის 13 სკოლის სამოქალაქო კლუბის 37 წევრი. ტრენინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. 
თავდაპირველად სამოქალაქო კლუბების კოორდინატორის ასისტენტმა ანი ციცქიშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია და გააცნო რეპორტის სტრუქტურა, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ანგარიშის წერისას და პრაქტიკული რჩევები, რომლის გამოყენებითაც ანგარიში მეტად ეფექტური ხდება.
შემდეგ ტრენინგის მონაწილენი ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს დაევალა სხვადასხვა თემაზე ანგარიშის დაწერა. განსაზღვრული დროის შემდეგ გუნდების წარმომადგენლებმა დაწერილის პრეზენტაცია გააკეთეს, რომლის განხილვაშიც ყველამ მიიღო აქტიური მონაწილეობა.
ამ ტრენინგის ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ მოწოდებული ინფორმაციები მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ხშირად არასრულყოფილია ან ძალიან მწირე. 
დღის შეფასებისას მონაწილეთა უმრავლესობის თქმით, მათ უკვე დაინახეს თუ რა შეცდომებს უშვებენ ანგარიშების წერისას და აღნიშნეს, რომ ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ.

Tuesday 3 April 2012

მასტერ კლასი დებატების ტექნიკაში

24 მარტს სიქას ოფისში დებატების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი თვალიაშვილმა რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეებს (გარდაბანი, ბოლნისი) ჩაუტარა მასტერ კლასი საჯარო დებატების წარმოების ტექნიკაში. ტრენინგი დაეხმარა მონაწილეებს განევითარებინათ საჯარო გამოსვლებისა და არგუმენტირებული კამათის ხელოვნება. ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების 15 მონაწილე.

Monday 5 March 2012

სამოქალაქო კლუბების ინიციატივებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს


5 მარტს სიქაში რუსთავის სოკლების სამოქალაქო კლუბების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც
 #1, #4, #7, #18, #20, #22  სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები დაესწრნენ. მოსწავლეებმა იმ პრობლემებზე იმუშავეს, რომელიც სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შეარჩიეს. პრობლემების მასშტაბები განსხვავებულია, ნაწილი უშუალოდ სკოლას ეხება, ნაწილი კი მიმდიბარე ტერიტორიასა და თემს მოიცავს.
შეხვედრაზე თითოეულმა სკოლამ მინი პრეზენტაცია გააკეთა,  მოსწავლეებმა დასაბუთებულად წარმოადგინეს პრობლემა და განსაზღვრეს ადრესატი, თუ ვის უნდა მიმართონ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
შეხვედრის მეორე ნახევარში, მოსწავლეები გაეცნენ ოფიციალური წერილის ფორმას და  თითოეულმა კლუბმა საკუთარი პრობლემა  წერილის ფორმაში გადაიტანა.
სამოქალაქო კლუბების ინიციატივებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.  მორიგი შეხვედრა 6 მარტს დაიგეგმა.   

Thursday 23 February 2012

სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა

21 თებერვალს სიქა-ს ოფისში რუსთავის #10,#11, #13,#20 და #22 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები:
  1. ქალაქის თვითმმართველობასთან სამოქალაქო კლუბების თანამშრმლობის გაღრმავება;
  2. სკოლის ადმინისტრაციასთან  თანამშრომლობა;
  3. კონკრეტული საკლუბო დავალებები.   
მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროგრამის პრიორიტეტს, რომელიც ითვალისწინებს  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას. მიიღეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიძიონ პრობლემა, მათ შორის ისეთიც, რომლის მოგვარება  სამოქალაქო კლუბის ძალებს აღემატება;  როგორ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები პრობლემის ანალიზის გაკეთების შემდეგ. შეხვედრის დასასრულს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს მიეცათ დავალებები: თემში მოიძიონ პრობლემა და სიქა-ს მიაწოდონ ინფორმაცია, რის შემდეგაც ორგანიზაცია ინდივიდუალურად დაეხმარება კლუბებს ინიციატივის ფორმის შემუშავებაში.

Wednesday 22 February 2012

სოც.მედიის ტრენინგი

21 თებერვალს სოც.მედიის ტრენინგი ჩატარდა სიქა-ს ოფისში. რუსთავის #11, 13, 20 და 21 სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგების კეთება. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ძალიან კარგად ფლობენ სოც.მედიის ინსტრუმენტებს. მათი სახით კიდევ ერთი გუნდი შეემატა ქართველი ბლოგერების პორტალში.

Sunday 19 February 2012

პროგრამის პრეზენტაცია სასკოლო სამოქალაქო კლუბის ახალი წევრებისთვის

17 თებერვალს სსიპ რუსთავის #11 საჯარო სკოლაში ახალ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ პროგრამის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდა 19  მოსწავლე და 2 პედაგოგი. მათ მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, მისი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ. მოსწავლეები საკლუბო აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას უკვე ახლო მომავალში შეუდგებიან.

Thursday 16 February 2012

საგრანტო პროექტებზე ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს

14 თებერვალს ჩატარდა მორიგი შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან. შეხვედრას დაესწრნენ რუსთავის მე-20, 22-ე და მე-13 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. ახალგაზრდები მუშაობდნენ საგრანტო პროექტებზე. როგორც ცნობილი გახდა საგრანტო პროექტების მიღების ვადა გადაიდო 10-დან 17 თებერვლამდე. კლუბის წევრები აქტიურად აგრძელებენ გასაგზავნ პროექტებზე მუშაობას, დახვეწას და სიქა, კოორდინატორი ოგანიზაცია, ყველანაირად ეხმარება იდეების ჩამოყალიბებაში, რჩევების მიცემით.
ზოგიერთი სკოლა ახლახანს ჩაერთო სამოქალაქო კლუბის აქტივობებში და საგრანტო პროექტების თემაც მათთვის ახალი იყო. თუმცა ახალგაზრდები არიან ძალიან მოტივირებულები და რამდენი საათში უკვე მოახერხეს ძირითადი მონახაზის შექმნა.

Tuesday 31 January 2012

სამშაბათის მორიგი შეხვედრა აქტიურ სასკოლო სამოქალაქო კლუბებთან

სამშაბათს, 31 იანვარს ჩატარდა სამოქალაქო კლუბების მორიგი ყოველკვირეული შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო ვახტანგისის #1, რუსთავის #5, 13, 23, 20 და #25  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები. სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები  მუშაობდნენ  საგრანტო პროექტებზე, ბლოგის შექმნაზე და ინფორმაციის განთავსებაზე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტების წერაში, გაიცნეს აპლიკაციის ფორმა და თავიანთი იდეები მოარგეს პროექტის ფორმატს.
ასევე ქ. რუსთავის #23 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუშაობდნენ უკვე დაფინანსებული პროექტის განხორციელების გეგმის საწყის ეტაპზე. ახალგაზრდებმა შექმნეს საჭირო რესურსების სია მომდევნო კვირაში დაგეგმილი ტრენინგებისთვის.

Friday 27 January 2012

საგრანტო აპლიკაციებზე კონსულტაციები გრძელდება

27 იანვარს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სემინარი, რომელსაც დაესწრნენ რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მეურვეები. შეხვედრის ძირითადი თემა იყო საგრანტო განაცხადების შევსება. მონაწილეეებმა 4 სხვადასხვა თემაზე დაიწყეს მუშაობა. თითოეულ მათგანზე რეკომენდაციებს აძლევდათ ქვემო ქართლის რეგიონში საგრანტო პროექტების მიმართულების კოორდინატორი ცირა თავშავაძე, რომელსაც ასისტენტობას უწევდა მარი სისვაძე. კლუბ "მან.სან.კანის" წევრები გაეცვნენ პროექტის ბიუჯეტის, განხორციელების გეგმისა და თანამონაწილეობის წერილების შედგენასაც. პროექტის განაცხადის შევსებაზე სიქა რეკომენდაციებს 10 თებერვლის ჩათვლით ყველა კლუბს გაუწევს.

Thursday 26 January 2012

24 იანვრის შეხვედრა

24 იანვარს სიქა-ს ოფისში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის #5, 13, 20 23 და 26 სკოლების სამოქალაქო კლუბის ლიდერები და მეურვეები. თავდაპირველად ქვემო ქართლში პროგრამის სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნინი ვარდიაშვილი გაესაუბრა კლუბებში მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ, ხოლო რუსთავის #13 სკოლას გაუწია პირველადი კონსულტაციები კლუბის დაარსებასთან დაკავშირებით. რუსთავის #23 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, რომლებმაც აიღეს გრანტი,  ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული  და უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და განხორციელების რა სტადიაზე არიან. სოც.მედიიის კოორდინატორმა ე.პაიჭაძემ  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო "სამოქალაქო ინიციატივების" Facebook-ის გვერდზე განთავსებული სიახლეები, მათ შორის სამოქალაქო კლუბების მიერ გადაღებული ვიდეო-კლიპები, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხმაურება. სამოქალაქო კლუბების ერთ-ერთი აქტივობაა თვეში რამოდენიმე ვიდეოს გადაღება და განთავსება კლუბის ბლოგსა და სხვა სოციალურ ქსელებში. #13 სკოლის წარმომადგენლებს ვორკშოპიც ჩაუტარდათ საგრანტო განაცხადის აპლიკაციის შევსებაზე.

Monday 23 January 2012

თემის გამოკითხვა/ინტერვიუ


სსიპ ქ. რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "In ReAction" წევრებმა ქ. რუსთავის მოსახლეობაში ჩაატარეს გამოკითხვა ქ. რუსთავში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის თემაზე. გამოკითხული იქნა ქ. რუსთავის 53 მოქალაქე, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
გამოკითხულთა 77% თვლის, რომ ირღვევა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონდე ბავშვების უფლებები, 41,5% თვლის რომ მიღებული უნდა იქნას კანონი ამ ადამიანების უფლებების დასაცავად, 28% კი თვლის რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა.
გამოკითხვა ჩატარდა  განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა თემაზე შემდგომი აქტივობების დასაგეგმად.

Sunday 22 January 2012

შეხვედრა რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეებთან

22 იანვარს სიქა-ს ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეები, კერძოდ, რუსთავის #1, 4, 5, 7, 10, 11, 12, 13, 21, 22, 23, 24 და 25 სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. დასაწყისში მათ ისაუბრეს ახალ საწავლო წელს სამოქალაქო კლუბებში გაწეული მუშაობის შესახებ. შემდეგ სიქა-ს კოორდინატორებმა შეახსენეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენციის შესახებ, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება თბილისში. დამსწრე პედაგოგებმა შეავსეს სარეგისტრაციო ფორმა. რადგან საგრანტო პროექტების აპლიკაციების ჩაბარების ვადამ გადაიწია 10 თებერვლამდე, სამოქალაქო კლუბებს უფრო მეტი დრო აქვთ განაცხადის შევსების და პროექტების შინაარსობრივად და ტექნიკურად უფრო დასახვეწად. 

საგრანტო აპლიკაციებზე კონსულტაციები გრძელდება

19 იანვარს სიქა-ს ოფისში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ. ეს სკოლა დეკემბერში ჩაერთო პროგრამაში და მათთვის ეს პირველ საგრანტო პროექტზე მუშაობაა. პედაგოგები დაწვრილებით გაეცვნენ საგრანტო აპლიკაციის შევსებას, ბიუჯეტის შედგენასა და პროექტის განხორციელების გეგმის გაწერას. ასევე დაათვალიერეს პროგრამის პორტალი http://www.civics.ge/, ქვემო ქართლში პროგრამის მიმდინარეობის ამსახველი ბლოგი http://civic-siqa.blogspot.com/ და სკოლების სამოქალაქო კლუბების ბლოგები.

Friday 13 January 2012

ტრენინგი სოც.მედიაში

13 იანვარს სიქა-ს ოფისში ტრენინგი სოც.მედიაში ჩაუტარდა სსიპ რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერს ნინო კვირიკაშვილს, რომელმაც ისწავლა ბლოგის შექმნა და სხვადასხვა ელემენტებით მისი გაფორმება. ამავე დღეს გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეს ჯილდა ჯაიანს ჩაუტარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომელზეც გაეცნო სოც.მედიის სხვადასხვა ელემენტებს, დარეგისტრირდა facebook-ზე და გაწევრიანდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმშიც.