Tuesday, 28 May 2013

პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის ახალგაზრდული ფორუმის #2 გუნდის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი  მიზნად ისახავს რუსთავში არსებული გიორგი ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციას,

პროექტს მოსწავლეთა გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით  ახორციელებს. პირველ ეტაპზე მოეწყო აღნიშნული პარკის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რუსთავის 10 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 15 მოსწავლემ. მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან გაასუფთავეს პარკის მიმდებარე ტერიტორია. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ გამოყო ნაგვის მანქანა, რომელმაც შეგროვილი ნარჩენები გაიტანა. მერიამ პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი  შემოსული აპლიკაციების განხილვაა, რომელსაც შესაბამისი კომისია მოსწავლეებთან ერთად განიხილავს და გამარჯვებულს გამოავლენს.

Tuesday, 21 May 2013

სამუშაო შეხვედრა რუსთავის #7 საჯარო სკოლაში


17 მაისს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივის ქართული ასოციაციის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ რუსთავის #7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებსა და დირექციას.
შეხვედრაზე საუბარი იყო კლუბის საქმიანობებსა და  მიმდინარე მცირე გრანტის განხორციელებაზე. დაზუსტდა  დაგეგმილი აქტივობების განხორციელების დეტალები, დაისახა ახალი გეგმები.
კლუბს გადაეცა მცირე გრანტის ფარგლებში შეძენილი ციფრული კამერა და გასავრცელებელი პუბლიკაცია.

Saturday, 27 April 2013

ონლაინ კონფერენცია ბ-ნ ალუდა გოგლიჩიძესთან

24 აპრილს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ონლაინ კონფერნცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის მთავარი ტემა იყო მოსწავლეტა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. მან 1 საათის განმავლობაში პასუხი გასცა, როგორც აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების, ასევე Skype-ის მეშვეობით მიღებულ შეკითხვებს რეგიონებში პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებიდან. სიქა-ს ოფისში ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების 10 წევრმა. 
ონლაინ კონფერენციის ძირითადი მესიჯი ეხებოდა მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პრობლემების გაანალიზებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას, მოსწავლეების მონაწილეობას დემოკრატიის განვითარებაში. 

Wednesday, 17 April 2013

შეხვედრა გოჩა ტყეშელაშვილთან


16.04.2013 რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით  შედგა შეხვედრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა (გადაცემა ეტალონის წამყვანი) და სამოქალაქო განათლების კლუბების წევრთა შორის. სტუმარმა შეხვედრა დაიწყო შემდეგი სიტყვებით „მე არ მინდა, ეს შეხვედრა ჩატარდეს მხოლოდ შეხვედრისთვის“.  მთავარი აქცენტი გაკეთდა ადამიანის მოტივაციის მიზეზებსა და შედეგებზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. სტუმარმა აუდიტორიას გაუზიარა გადაცემის შექმნის გამოცდილება.
შეხვედრამ ძალიან საინტერსოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც მეტყველებს მონაწილეთა უკუკავშირი.
კითხვაზე „დამისახელეთ ერთი რამ, რაც გასწავლათ დღევანდელმა შეხვედრამ?“ მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
პაატა ცაბუტაშვილი რუსთავის #12 სკოლა - „ვისწავლე, რომ არ უნდა დავნებდე და გავუმკლავდე სირთულეებს მიზნის მისაღწევად“.
ლუკა გელაშვილი რუსთავის #22 სკოლა - „აზრის გამოხატვის კომპლექსი არ უნდა გქონდეს“.
ლიკა ცხოვრებაშვილი რუსთავის #9 სკოლა - „მასწავლა, როგორ დავგეგმო ჩემი ცხოვრების ეტაპები“.
ნათია გელხვიძე რუსთავის #26 სკოლა - „რწმენა  და თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ წარმატებული იყო“.
მარიამ ცქიტიშვილი რუსთავის  #24 - „გამოცდა არ არის დაბრკოლება, ის არის ბიძგი წინსვლისკენ“.
შეხვედრა მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია კვლავ აგრძელებს საინტერესო სტუმრების მოწვევას სამოქალაქო კლუბების წევრებთან შესახვედრად. 

Tuesday, 2 April 2013

ტრენინგი "ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია"


29 მარტს სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება ჰეპატიტის სახეობების შესახებ, დაავადების რისკებზე და თავდაცვის გზებზე. ტრენინგს, რომელსაც  ორგანიზაცია „ინდიგოს“ წარმომადგენლები ნაია იობაშვილი და თამარ დემეტრაშვილი ატარებდნენ, დაესწრო   „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ სამიზნე რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 20 წევრი. თავდაპირველად  ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ინფექციური დაავადებების შესახებ, რის შემდეგ „ინდიგოს“ წარმომადგენლები ამავე თემაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მოსწავლეების წინაშე.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამოქალაქო კლუბების წევრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის ბოლოს ტრენინგის შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს მეორე კითხვარი, რომელშიც აისახა, თუ რამდენად გაიზარდა მათი ინფორმირებულობა ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით.
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში სიქა აგრძელებს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მოსწავლეთათვის, რაც ემსახურება მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.

Thursday, 28 March 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები სტუმრად რუსთავის მერიაში

27 მარტს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე რუსთავის 9 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბების 13 წევრი რუსთავის მერიას ესტუმრა. შეხვედრა ორგანიზებული იყო სიქას მიერ, რომელიც წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლში. მოსწავლეებს შეხვდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახა ბარათაშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო პროექტების მიმოხილვა იყო.
შეხვედრამდე მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდა მოსახლეობა ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ და წინდაწინ უნდა იყოს თუ არა ინფორმირებული ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
მერიაში შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა კახა ბარათაშვილს გააცნეს გამოკითხვის შედეგები, რის შემდეგაც დასვეს კითხვები, რომლებიც შეეხებოდა შეჩერებულ პროექტებს, მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებს და რუსთავში არსებულ კონკრეტულ პრობლემებს. კახა ბარათაშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, თვითმმართველობას დაეხმარონ მოსახლეობის დროულად ინფორმირმირებაში ქალაქში დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რათა თემმა შეძლოს დაგეგმვის პროცესში თავისი წვლილის შეტანა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისათვის. მან მზაობა გამოთქვა, მათთან ერთად განიხილოს ინიციატივები და იმსჯელოს არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
"წარმატებული შეხვედრა იყო, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვაზე. თუმცა ინფორმაცია რაც მივიღე, არცთუ ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ კარგია რომ თანახმანი არიან შეხვედრებზე და თანამშრომლობაზე. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები და უფრო აქტიურად "- განაცხადა შეხვედრის შემდეგ რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ანი სანაიამ.
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "PH International" და აფინანსებს USAID, ეხმარება მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად.

Monday, 18 March 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრა ირინა ფრუიძესთან


27 თებერვალს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  სიქას ორგანიზებით მოეწყო რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრების შეხვედრა საქართველოს სკაუტური მოძრაობის გენერალურ მდივანთან ქალბატონ ირინა ფრუიძესთან. 
მოწვეულმა სტუმარმა გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ესაუბრა და მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა საინეტერესო თემები. ირინა ფრუიძემ ისაუბრა ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: წარმატების საიდუმლო, მოტივაციის მთავარი კომპონენტები, ნეგატიური და პოზიტიური აზროვნება, სწორი თვითშეფასება, რეაქტიული და პროაქტიული  ადამიანების ტიპები, თვითმოტივაცია ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების პროცესში, წიგნის კითხვის მნიშვნელოვნობა, ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმატების გზაზე, განათლების ისეთ გზებზე, როგორიცაა ფორმალური, არაფორმალური და თვითგანათლება.
მოზარდების მხრიდან გამოჩენილი დაინტერესების გამო ისაუბრა „ინტელექტ–კლუბში“ საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე სკაუტური მოძრაობის შესახებ საქართველოში და საქართველოს გარეთ. ახალგაზრდების მხრიდან ჭარბობდა ინტერესი  სკაუტური  ბანაკების და პროგრამების შესახებ.
მოსწავლეებისთვის შეხვედრაზე განხილული თემები  საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.
შეხვედრას რუსთავის 12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების  40 წევრი დაესწრო.